საქართველოს მთავრობა სტრატეგიულად უნდა მოემზადოს ციფრული გარემოს მომავალი გამოწვევებისათვის

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ელექტრონული მმართველობის განვითარების ტენდენციები საქართველოში

თბილისი (BPI) – ელექტრონული მმართველობითი გარემოს ფორმირებით იზრდება მომსახურების წარდგენის რენტაბელობა, მართვის ეფექტიანობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება, პროცესების გამჭვირვალობა. სისტემა წარმოდგება ინოვაციური და დემოკრატიული მმართველობით, რაც განაპირობებს სახელმწიფოს ძლიერებას.

მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის როლი სახელმწიფო მმართველობითი გარემოს ტრანსფორმაციის ხელშეწყობისა და პროდუქტიული ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისათვის.
ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ საქართველომ წარმატებებს მიაღწია ტექნოლოგიური გარემოს განვითარების მიმართულებით (ელექტრონული მთავრობის განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით). ამ მიმართულებით შთამბეჭდავია, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ქვეყნის მოწინავე ადგილი და როლი. ამ მარათონით ქვეყანას სურს მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, ქვეყნის ინოვაციური განვითარება, ელექტრონული მმართველობითი გარემოს ფორმირება, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღება.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ყოველწლიურად მემკვიდრეობით გვრჩება:

დროში გაწელილი ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროექტები. დაგვიანებული პროცესებით, ქვეყანა კარგავს ციფრულ სარგებელს;

ინტერნეტ-გარემოს გამოწვევები. შეუსაბამოა სერვისი, ხარისხი და ფასი. მარეგულირებელი ორგანო(ები) ვერ „უმკლავდება“ ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებს. ამასთან, ფასების „სტაბილიზაციის ბლაგვი ინსტრუმენტების“ არსებობის პირობებში შემცირების ტენდენცია მოსალოდნელი არ არის;

აუთვისებელი ციფრული ეკოსისტემა. საქართველოს ციფრულ ეკოსისტემას გააჩნია პოტენციალი, რომლითაც ქვეყანა გახდება სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაოს ადგილების შემქმნელი გარემო (ციფრული ბაზრისა და სამუშაო ადგილების შექმნის ფონზე, ემიგრანტებს დასაქმების მიზნით ჩვენს ქვეყანაში მივიღებთ);

რეფორმატორების დეფიციტი. მუდმივად ისმის მმართველობითი გარემოს რეფორმირებაზე საუბარი. ევროპული და ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფონზე გვაქვს რეფორმირების „სახელმძღვანელოები“, თუმცა არ გვყავს რეფორმატორები (საზოგადოებაში გვყავს, პოლიტიკურ ასპარეზზე არა). საქართველოს მმართველობითი გარემოს გარდაქმნა კი პირდაპირკავშირშია ელექტრონული მმართველობითი გარემოს განვითარებასთან.

კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული მმართველობა გავლენას ახდენს პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს გარდაქმნაზე, რომლის უკან დგას სოციალური და ეკონომიკური პროგრესი. შესაბამისად, იმ ქვეყნებში სადაც განუვითარებელია ელექტრონული მმართველობითი გარემო, პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს გარდაქმნა ნელა ხორციელდება. ასეთ ქვეყნებში, მნიშვნელოვან რესურსს არ წარმოადგენს რაციონალიზაცია და ლეგიტიმაცია, ხოლო ეკონომიკური და სოციალური პროგრესი დაბალია.
ბუნებრივია ქვეყანა საჭიროებს ციფრულ პოლიტიკას, რომლის ძირითადი მიმართულება ელექტრონული მმართველობის განვითარება და ციფრული ეკონომიკის შექმნა იქნება . თუმცა, რადგან საზოგადოება ვერ ფლობს „ცვლილებების ბერკეტს“, ხოლო მედია კი ჯეროვან გავლენას ვერ ახდენს რეფორმებისა და ცვლილებების დაწყების საჭიროებაზე, შესაბამისად ძველი პოლიტიკური გარემო კვლავ „ტრადიციულ სიმაღლეზეა“ და წარმოდგება უცვლელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით.

საქართველოში, ელექტრონული მმართველობითი გარემოს განვითარების პროცესში, ხაზგასასმელია შემდეგი:
მაღალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა. მოსახლეობის დაბალი სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, მაღალია ინტერნეტისა და კომპიუტერის ფასები. ხოლო სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკა დაგვიანებული და მცირე მასშტაბის (ვგულისხმობ ვაუჩერებს რომელსაც მომავალში დაარიგებენ);

ციფრული უთანასწორობა. რეგიონთაშორისი არსებული ციფრული უთანასწორობა ჯერ კიდევ მაღალია;
ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. შესაქმნელია ელექტრონული მართველობითი გარემოს ძირითადი მიმართულებების (ე-მთავრობა, ე-კომერცია და ინფორმაცია საზოგადოება) ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. რამდენიმე კანონი ციფრული ეკოსისტემისათვის საკმარისი არ არის;

ე-მართველობითი გარემოს განვითარების პროგრამები. დროა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქცენტები გააკეთოს ელექტრონული მართველობითი გარემოს განვითარების პოლიტიკაზე. შექმნას დარგობრივი მიმართულების ელექტრონული კომერციის განვითარების სახელმწიფო პროგრამები;
ელექტრონული ბიზნესის სპეციალისტების გამოშვების საგანმანათლებლო პროგრამები. ელექტრონული ბიზნესის განვითარების საფუძველში უნდა ჩაიდოს ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა, როგორიცაა: ელექტრონული ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ელექტრონული მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები;

პოლიტიკური მხარდაჭერა. ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ვერცერთი სახელმწიფო პროგრამა ვერ ხორციელდება საზოგადოების მოთხოვნის თუ მედია გავლენის მიუხედავად, რადგან ბიუროკრატია და ძველი პოლიტიკური გარემო წინააღმდეგობას უწევს დარგების რეფორმირებას. მაგალითად, არ/ან ვერ განხორციელდა მმართველობითი გარემოს რეფორმირება;

და ბოლოს, საქართველოს მთავრობა სტრატეგიულად უნდა მოემზადოს ციფრული გარემოს მომავალი გამოწვევებისათვის, შექმნას პროგრამები და ღონისძიებათა სისტემა. იმისათვის, რომ მომავალ თაობას არ დაუტოვოს განვითარებადი ციფრული გარემო და ვალებითა და ვალდებულებებით დატვირთული მემკვიდრეობა.