“ქალი გენდერული როლის ათვისებას იწყებს…ან მარცხდება, ან იგებს დიდ ომს…”

საქართველოში ქალის გენდერულ როლსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ  სააგენტო GMTV  თამთა მეგრელიშვილს დაუკავშირდა , რადგან თამთა არის იურისტი, რომელიც შეისწავლის გენდერის ინსტიტუტს და ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე “ქალის როლი საჯარო მმართველობაში” 

– ისტორიულად რა გენდერულ როლებს მიაკუთვნებდნენ ქართველ ქალებს და რა ცვლილებები განიცადა დროთა გამნავლობაში ?

გენდერული როლები განსხვავდება სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში, თუმცა ძირითადი ხაზი: “მზრუნველი დედა”, უცვლელია. ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარებამ, უფრო პრაგმატულმა აზროვნებამ (მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით) განაპირობა მეტი ქალის შედინება სამუშაო ბაზარზე. ისინი აღარ კმაყოფილდებიან უბრალოდ „ოჯახის რჩენისათვის ფულის შოვნით“ არამედ, კარიერასა და თვითგანვითარებაზე, საზოგადოებაში რაღაცის შეცვლაზე არიან ორიენტირებულნი თუმცა შერეული დამოკიდებულებაა, ბევრი ქალი, რომელიც მუშაობს და წარმატებულია, მაინც არჩევს რომ საჯაროდ ილაპარაკოს კაცის უპირატესობაზე. ეს კი იმით არის ალბათ განპირობებული, რომ ჩვენ კლანური საზოგადოება ვართ და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება მარტივად გარიყონ ნათესავებმა, მეგობრებმა ა.შ. წარსულთან შედარებით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაჩნდა ქალთა უფლებები და ქალებმა თავად დაიწყეს საკუთარი თავისთვის ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ცვლის საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების დინამიკას იმიტომ, რომ ახლა არსებობს ალტერნატიული აზრი და ალტერნატიული მაგალითები.

-როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე გავრცელებული ქალის გენდერული როლი?

-ყველაზე გავრცელებული გენდერული როლი ქალისთვის არის დედობა. საქართველოში ეს არის ქალის ის ფუნქცია, რომელზეც ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება. ეს ალბათ ისტორიული მემკვიდრეობაა, მუდამ თავდასხმის ქვეშ მყოფი პატარა ერი ვართ, რომელიც ისტორიულად სულ ზრუნავდა თავის დემოგრაფიაზე. თუმცა დღეს ეს საკითხი ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა და ამაზე აპელირება არასწორია ამიტომ დროა ეს სტერეოტიპიც შეიცვალოს.

-რა როლი აკისრია ქალს ოჯახში?

-ოჯახში ქალის როლი მკაცრად განისაზღვრება ხოლმე მისი რეპროდუქციული უნარით. ითვლება, რომ რახან ის ბავშვს აჩენს, მან ბავშვზეც და სხვაზეც უნდა იზრუნოს იმიტომ რომ „ბუნებრივად“ აქვს ზრუნვის უნარი,თანდაყოლილი ინსტიქტის სახით.

-როგორ ესმით საქართველოში ცოლის და ქალის როლი ?

-საქართველოში ცოლის და ქალის როლი ესმით მხოლოდ კაცთან მიმართებაში. ის ან არის გათხოვილი, გასათხოვარი, გაუთხოვარი ან უარეს შემთხვევაში შინაბერა. აქედან ყველა შემთხვევაში (განსაკუთრებით გათხოვების შემდეგ) ის ქმრის მორჩილ შინამოსამსახურედ მოიაზრება.

თქვენი აზრით, მართებულად აღიქვამენ ქალის იმ როლებს, რომელსაც დღეს მათ აკუთვნებენ?

– ჩემი აზრით ქალების უმეტესობა საქართველოში გენდერული როლების ათვისებას იწყებს გარემო პირობებიდან გამომდინარე. ხედავს გარშემო განვითარებულ დამოკიდებულებას,ქცევით როლებს,ისმენს დამახინჯებულ მიდგომებს და საკუთარ თავთან გამართულ ბრძოლაში ან მარცხდება ან იგებს დიდ ომს! ომს რომელსაც საკუთარი თავის,”მეს” პოვნა და დაფასება ჰქვია და ეტაპობრივად თავისუფალ აზროვნებას იწყებს,ბედავს!

-როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში?

-ქალის შრომა ოჯახში უნდა ფასდებოდეს. ასევე მას არ უნდა უწევდეს მსხვერპლზე წასვლა ოჯახის ან სამსახურის შესანარჩუნებლად ამ ულტიმატუმს რატომღაც კაცებს არასოდეს უყენებენ. გინახავთ ქალი რომელიც მამაკაცს ეუბნება ან სამსახური ან ოჯახიო?! იდეალური მოდელი ასეთია:ოჯახის წევრებს შორის (სქესს არ აქვს მნიშვნელობა) ერთობლივი შეთანხმების ნიადაგზე, თანასწორად უნდა იყოს როლები გადანაწილებული ისე, რომ ქალებმაც შეძლონ საკუთარი პოტენციალის ათვისება და თვითრეალიზება. განათლების სისტემაში ქალებს აღარ უნდა უმტკიცონ, რომ რაღაც არ შეუძლიათ და რომ ბიჭები „ზარმაცები არიან, მაგრამ ნიჭიერები“ და გოგოები კიდევ უბრალოდ „შრომისმოყვარეები“.

-რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად?

– სახელმწიფომ არსებული მდგომარეობა უნდა შეცვალოს სხვადასხვა დროებითი მექანიზმის (მაგალითად კვოტირება პოლიტიკაში) მეშვეობით ისევე, როგორც გენდერული ძალადობისათვის ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებით, განათლების სისტემაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების შეცვლით გენდერული განათლების შემოღებით.