საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მდიდრებს გაჭირვებულთა დასახმარებლად მიმართა

დღევანდელ დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში სახარების ის თავი წაიკითხეს, სადაც იესო ქრისტე მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ იგავს უყვება მოწაფეებს.

იგავის მიხედვით იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც განცხრომით ცხოვრობდა და მის კართან იწვა გლახაკი ლაზარე, რომელსაც სხეული დაწყლულებოდა. შიმშილით ღონემიხდილი ლაზარე მდიდრის ტაბლიდან გადმოცვენილი ნამცეცებით იკვებებოდა. მოკვდა მდიდარი და თვალები ჯოჯოხეთში აახილა, მან დაინახა ლაზარე აბრაამის წიაღში და სთხოვა მამამთავარს, რომ ლაზარეს წყალში თითი ჩაეწო და ტუჩები გაეგრილებინა მისთვის.  აბრაამმა უთხრა რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან არავის შეუძლია სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადასვლა და პირიქით.

სრულიად საქართველოს პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში სწორედ ამ იგავის მნიშვნელობაზე იქადაგა და საქართველოში მოღვაწე მდიდრებს გაჭირვებულთა დასახმარებლად მიმართა. ილია მეორის განცხადებით,  „სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა. სიმდიდრე არ არის ცოდვა, თუ მას სწორად გამოიყენებს ადამიანი, ის ცხონდება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში“.

„ალბათ თქვენს ცხოვრებაში ხშირად შეგხვედრიათ გაჭირვებული, და გულში გიფიქრიათ დახმარებოდით თუ არა. თუ დავეხმარები ღვინოს დალევს ან არაყს, მაგრამ თუ არ დავეხმარები, მაინც დალევს. უკან მიბრუნებულხართ და მაინც დახმარებიხართ… მინახავს ისეთი მშობლები, რომლებიც შვილებს გაჭირვებულის დახმარებას პატარაობიდანვე ასწავლიან. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულებს“-მიმართა მრევლს პატრიარქმა.