“შემდეგი ეტაპი დედ-მამის “მშობელი 1” და “მშობელი 2″ -ით ჩანაცვლების პროცესი იქნება”

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“ -ს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე  მთავრობის მიერ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დამტკიცებულ სტანდარტს „სქესთა აღრევის თეორიად“ განიხილავს და ბაღებში გენდერული იდეოლოგიის დანერგვის კანონს ეწინააღმდეგება.

„მთავრობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების  ამოქმედებას 2024 წლისთვის გეგმავს. მანამდე გადაამზადებენ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს.  სტანდარტი ძირითადად აღმზრდელობით, შემეცნებით და ჰიგიენის საკითხებს მოიცავს, მაგრამ მასში არის სერიოზული დეფექტი, რომელიც აუცილებლად ამოსაღებია.

ამ სტანდარტის მე-19 მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ აღმზრდელი პედაგოგები ბავშვებს არ გამოარჩევენ გენდერული ნიშნით, ხელს უწყობენ გოგონებს და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. თანასწორობა მოიცავს გენდერულ საკითხებსაც.“

ზვიად ტომარაძე საზოგადოებას გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოდან ამონარიდის ციტირებასაც ახდენს:  „თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება ერთნაირად შეუძლიათ კაცებსა და ქალებს. თითქმის ყველა პროფესიაში ნელ-ნელა თანაბრდება კაცისა და ქალის რაოდენობა. ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, როდესაც ჩვენი ბავშვები ზრდასრულნი იქნებიან. აღმზრდელები ბავშვების დათვლის დროს ითვლიან საერთო რაოდენობას და არ ყოფენ მათ სქესის მიხედვით, პედაგოგებმა ბავშვები არა სქესის, არამედ სხვა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება დაყონ. ისინი მოიმარაგებენ ისეთ მასალებს, რომლებიც ორივე სქესის ბავშვებს დააინტერესებს. აღმზრდელებს ცენტრში შეაქვთ რეკვიზიტები და კოსტიუმები. კითხულობენ ან გაითამაშებენ ზღაპრებს, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილი ორივე სქესის გმირები.“

„ ეს არის სქესთა აღრევის თეორია, მორიგი დირექტივა საზღვარგარეთიდან, ბავშვებში სურთ წაშალონ განსხვავებები ქალსა და მამაკაცს შორის, შემდეგი ეტაპი ალბათ დედ-მამის „მშობელი 1“ და „ მშობელი 2“-ის ჩანაცვლების პროცესი იქნება.“ – აცხადებს ტომარაძე.