დროა ვიმოქმედოთ! მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ბევრი პრობლემა აქვთ!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

მინდა შევეხო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალებს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. პრობლემათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მხოლოდ საკვანძო ხასიათის პრობლემებზე ვისაუბრებ.

მიუხედავად იმისა რომ სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ისინი ნომერ პირველ პრობლემად დასაქმების ნაკლებობას, სამუშაო ადგილების არარსებობას ასახელებენ.
მოგეხსენებათ რომ დასაქმების ძირითად წყაროს სკოლა,ბაღი,საკრებულო,გამგეობა,კულტურის სახლი წარმოადგენს და ლოგიკურია აღნიშნული რესურსი არასაკმარისია დაინტერესებული პირების დასასაქმებლად, შესაბამისად მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა სოციალური დახმარება,პენსია,შინამეურნეობაში მოწეული პროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი და მიგრანტი ოჯახის წევრის მიერ გამოგზავნილი თანხა.
რიგითობით შემდეგი პრობლემის სახით დასახელდა დასაქმების პირობებში დაბალი ანაზღაურება.

გამოდის რომ ქალი კვლავ დამოკიდბულია ოჯახის სხვა წევრებზე რაც იწვევს აგრესიულ განწყობებს – “რატომ მუშაობ თუ მაინც მე უნდა მთხოვო ფული?!” “დაჯექი სახლში!” და სხვა.

აღსანიშნავია ჯანდაცვის დაწესებულებათა შეზღუდული მისაწვდომობა ეკონომიკური სიდუხჭირის, შესაბამის დაწესებულებამდე არსებული მანძილისა თუ ზამთრის პერიოდში გზების მდგომარეობის გამო.აღნიშნავენ რომ სოფლად არსებული დაწესებულებები ამგვარი მომსახურეობის საჭიროების მქონე პირებს მინიმალურ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს სთავაზობენ და ისინიც იძულებული არიან თბილისისა თუ სხვა ქალაქების საავადმყოფოებს მიმართონ რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვს.

თვალშისაცემია მთის მოსახლეობაში დომინანტური გენდერული სტერეოტიპები,მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილების პრაქტიკა რითაც გაუაზრებლად,ავტომატურად ქალი ხდება ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი.
არ შემიძლია არ შევეხო იმ ახალგაზრდების პრობლემებს რომლებსაც ხშირად ვხვდები.

სოფლებში თითქმის არ არსებობს საგანმანათლებლო კერა,გასართობი ან განვითარებისათვის აუცილებელი დაწესებულებები, ნაკლებად ხელმისაწვდომია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრენინგები,საგანმანათლებლო პროგრამები,გადამზადების კურსები და ისინი განვითარებისა თუ გადარჩენის გზას ქალაქში ან ქყვეყნის ფარგლებს გარეთ ხედავენ.

განვმეორდები და შევეხები მიგრაციის თემას თითქმის ათი ბავშვიდან 4 ბავშვის მშობელი საზღვარგარეთ არის წასული და ამ ბავშვების მომავალი კეთილდღეობა და განათლება მათი დედებისა თუ ბებიების მხრებზე დგას.
ეს არის ოჯახების ნგრევის, შინდარჩენილი შვილების ფსიქოლოგიური ემოციური პრობლემების, დემორალიზების საფუძველი.

ამ მცირე მაგრამ ძალიან ღრმა და საშიში პრობლემების ჩამონათვალით მიმაჩნია რომ
აუცილებელია ახალგაზრდებზე ორიენტირებული საგანანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა.

საჭიროა ქალებისათვის სპეციალური საინფორმაციო პროგრამების შემუშავება ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

აუცილებელია ქალების ხელმძღვანელობით საინიციატივო ჯგუფების ორგანიზაციების ხელშეწყობა რეგიონულ ცენტრებსა და სოფლებში,აუცილებელია მათთან მუშაობა ცნობიერების ასამაღლებლად.

აქ ჩამოთვლილი ყველა სიკეთე მეტნაკლებად ხელმისაწვდომია დედაქალაქში მცხოვრები ქალბატონებისათვის მაგრამ რა დააშავეს ამ ადამიანებმა?!

მე არ მალაპარაკებს მხოლოდ პროფესიული ვალდებულებადა საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს,თქვენს პროფესიას?!

ჩვენი ვალია ერთმანეთის გვერდით დგომა!

ჩვენი ვალია ერთმანეთის სიყვარული და დაფასება!

ჩვენი ვალია ერთმანეთის მოსმენა,ერთმანეთის საჭიროებების დანახვა და საერთო კეთილდღეობისათვის ბრძოლა!

მე მინდა მეტი წარმატებული ქალი სოფლად! მინდა მეტი ბედნიერი დედა- შვილი საქართველოში!
მინდა შემდგარი ქალები!

მინდა მოტივირებული ახალგაზრდობა რომელმაც ზუსტად იცის რომ სწავლასში ჩადებული ფინანსური თუ მორალური რესურსი დაუფასდება!

სწორედ ამგვარი მიდგომა შეცვლის არაჯანსაღ გარემოს,სწორედ ერთმანეთის გვერდით დგომა პრობლემების დანახვა,გააზრება და გადაჭრის გზების ძიება გაგვიყვანს სასურველ შედეგზე. დროა ვიმოქმედოთ!