მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საბაგირო გზით მწვანე კონცხი შავი ზღვის სანაპიროს დაუკავშირდება.

“25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი კომპლექსის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცურაო აუზი.

სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას”, – იტყობინება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.

უწყების ცნობით, პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.