საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები

საქართველოუკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა

საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრით დასრულდა ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში.

უკრაინულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სახალხო დეპუტეტები: მაქსიმ ბურბაკი, ოლენა მასორინა, დმიტრო ლუბინეცი, დმიტრო დობროდომოვი, ოლექსანდრ დროზდიკი, იური ტიმოშენკო, ვლადისლავ დანილინი.

ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი, გოგი მეშველიანი და მე, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ა.წ. მაისში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრიი პარუბიის თბილისში ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობებს.

აგრეთვე 2018 წლის იანვარში კიევში საქართველოს პარლამენტის თავმაჯდომარის ირაკლი კობახიძის დაგეგმილ ვიზიტზე.

გამოითქვა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა, რომელიც თავის სხდომებს წელიწადში ერთხელ მონაცვლებით საქართველოსა და უკრაინაში გამართავს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის იმდენად მჭიდრო და ინტენსიური სტრატეგიული ურთიერთობებია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დონე საკმარისი აღარ არის. საპარლამენტო ასამბლეის შექმნა შეიძლება გახდეს სრულიად ახალი საფეხური ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი მოსიძემ.

უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს დელეგაციის მიერ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განხორციელებული ვიზიტის გამო.
გამოითქვა იდეა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ. საუბარია ერთნაირ ძეგლებზე, რომლებიც მიეძღვნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ უკრაინელ მებრძოლებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა შესაბამისი პროექტების მომზადების მიმართულებით.

მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც პარლამენტის მუდმივი კომიტეტების, ისე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დონეზე.