მიღწეული უნდა იქნას ავტონომიური და ჯანსაღი ინტერნეტ-გარემოს ფორმირება

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

თბილისი (BPI) – საქართველო განიხილება თვითრეგულირებადი ინტერნეტ-სივრცით, რომელიც არის თავისუფალი, ცენზურისა და შეზღუდვების გარეშე. ქვეყნაში სიცოცხლისუნარიანია კიბერუსაფრთხოების დონე, მაღალია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, დაცულია ინტელექტუალური საკუთრება და კოპირაითი. ქვეყნის ინტერნეტ-სივრცის პოლიტიკა მიმართულია განვითარებისა და დემოკრატიული ინიციატივების სტიმულირებისაკენ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოს ინტერნეტ-გარემოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს პორნოგრაფიული ხასიათის კონტენტის, შეურაცხმყოფელი ფორმების,  ძალადობისა და სხვა მავნე ინფორმაციული ნაკადის რეგულირება. გამომდინარე იმისა, რომ ინტერნეტ-სივრცეში არსებული კონტენტი საზოგადოებრივია და ყველგანგავრცელებული, აღნიშნული  განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ბავშვების დაცვა ინტერნეტ-სივრცეში არსებული მავნე კონტენტისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული ბუნებრივია უარყოფითად აისახება ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზეც.

ზოგადად მავნე კონტენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას web-საიტებით, სოციალური ქსელებით, გასართობი web-გვერდებით (მულტფილმები, თამაშები). განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აუდიოვიზუალური კონტენტი. ბავშვები  რამდენ დროსაც უთმობენ მავნე კონტენტის მომცველ აუდიოვიზუალურ საიტებს, იმდენად იზრდება მათზე მავნე კონტენტის ზეგავლენის რისკები.

არსებითია აღინიშნოს, რომ მართალია ბავშვებმა ჯერ არ იციან, რა უნდა იცოდნენ. თუმცა არსებული თაობა გრძნობს, რომ ინფორმაციული პოლიტიკა მიუღებელია.

შესაბამისად, ბავშვთა ინტერესების დაცვის მიზნით, საჭიროა პრევენციის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:

  • პორნოგრაფიული ხასიათის მასალებისა და ცნობადი „ლოგოტიპების“ აღმოჩენა და ფილტრაცია;
  • სკოლის, მშობლისა და ინტერნეტ-პროვაიდერების თანამშრომლობის საფუძველზე, მავნე კონტენტის აღმოჩენა და ფილტრაცია;
  • „კიბერრეიდების“ ჩატარება მავნე კონტენტისა და არაჯანსაღი პროპაგანდისტული ქსელების აღმოჩენის მიზნით;
  • მავნე და აგრესიული კონტენტისაგან ბავშვთა დაცვის ღონიძიებებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების (ინტერნეტ-პროვაიდერები);

პრევენცია უნდა აისახოს ტექნიკურ და პროგრამულ ღონისძიებებში, ინფორმაციულ პოლიტიკასა და სისტემურ მიდგომაში.

ხაზგასამელია, რომ არასრულწლოვნთა დაცვის მიზნით, საჭირო პრევენციის ღონისძიებების ფონზე:

  • მავნე კონტენტთან ბრძოლა უნდა მოიცავდეს არა მთლიანი საიტის დაბლოკვას, არამედ კონკრეტული კონტენტის წაშლას (თუ რათქმაუნდა საიტი მთლიანად მავნე კონტენტს არ შეიცავს);
  • მავნე კონტენტის ფილტრაცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით;
  • კომპიუტერში მავნე კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი შეტყობინებები უნდა აისახოს ინტერნეტ-პროვაიდერთა და სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზაში;
  • პრევენციის ღონისძიებები არ უნდა გულისხმობდეს ინტერნეტ-ცენზურას;
  • პრევენციის ღონისძიებები არ უნდა მოექცეს სისტემური ცენზურისა და „პოლიტიკურ სარჩულში“;
  • უნდა განხორციელდეს ისეთი ინტერნეტ-გარემოს ფორმირება, სადაც ზრდასრულებისათვის განკუთვნილი ონლაინ კონტენტი არასრულწლოვნებისათვის მისაწვდომი არ იქნება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რადგანაც „საიტის დაბლოკვა“ სადაო ცენზურის თემაა, საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციები და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში მოქმედი პრევენციის ღონისძიებები. შესაბამისად, პრევენციის ღონისძიებები  „ზეგავლენას“ არ იქონიებს ინტერნეტ-ბაზრის განვითარებაზე. ამასთან, ნებისმიერი ფილტრაციის ნებისმიერი ღონისძიება დემოკრატიისათვის „შეუმჩნეველი“ არ უნდა იყოს.

და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ საქართველო საჭიროებს ციფრულ რეფორმებს, რომლის ფარგლებში მიღწეული უნდა იქნას ავტონომიური და ჯანსაღი ინტერნეტ-გარემოს ფორმირება.