მთავარი საქმეა…საზოგადოება განვითარების თანამედროვე მოდელების მოლოდინშია…

მაია ოქრუაშვილი

ოდესაც ცვლილებების დრო დგება, საზოგადოება ახალი ხედვის, პრობლემების გადაწყვეტისა და განვითარების თანამედროვე მოდელების მოლოდინშია.

განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რას მიიჩნევს მინისტრისთვის მთავარ გამოწვევად განათლების ექსპერტი გია მურღულია და რა ცვლილებების გატარების აუცილებლობას ხედავს სისტემაში?

ჩვენ გია მურღულიას დავუკავშირდით:

-როგორ  ფიქრობთ, რა არის ახალი მინისტრის მთავარი გამოწვევა და რა საკითხებზე უნდა იმუშაოს, მას შემდეგ რაც შეუდგება მუშაობას?

ვფიქრობ რომ, ასეთი გამოწვევა  ბევრია, ძალიან საინტერესო სამუშაო იქნება, მაგრამ  ურთულესი გადასაწყვეტი, რადგან ეს  სფერო საკმაოდ რთულია, ამაში უამრავი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანია ჩართული, სხვადასხვა საქმიანობის…ძალიან დიდ რესურსებს ითხოვს ეს საქმე და უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნებაც, რომ მინისტრმა შეასრულოს ის გამოწვევა, რომელიც მას ექნება. რაც შეეხება გამოწვევებს, ასეთი ძალიან ბევრია და ამას ჩამოგითვლით თეზისურად ძალიან მოკლედ:

პირველ რიგში მხოლოდ კარგი დოკუმენტების მიღება არ არის რეფორმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ვინ ახორციელებს ამ პროგრამებს, რა ვადები ეძლევათ შესასრულებლად და რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ. ასეთ პროგრამებში ჩართულია ათასობით მასწავლებელი და თუ რომელიმე კარგად ვერ აღიქვამს მას, ბუნებრივია დანერგვის საკითხი იქნება არასაკმარისად კარგი და ეს აისახება საზოგადოების განწყობაზეც. ვფიქრობ, რომ დანერგვის კულტურა მკვეთრად უნდა ამაღლდეს.

იგულისხმეთ  თუ  არა  გამოწვევებში  მასწავლებლების   ცვლილება  სხადასხვა   საჯარო სკოლებში ?

ჩვენს ქვეყანაში მასწავლებელთა კომპეტენცია, როგორც სკოლის ადმინისტრაციის კომპეტენცია არის დამაფიქრებელი, რადგან ისინი საკმარისად ბევრნი არ არიან საიმისოდ, რომ მთლიანად ჩვენს სისტემაში კარდინალური ცვლილებები დაფიქსირდეს. ძალიან სერიოზული მიდგომებია საჭირო, მე ვიტყოდი რევოლუციური მიდგომებია საჭირო, რომ პედაგოგთა განვითარების სისტემა ავიდეს მაღალ დონეზე. მინდა გითხრათ, რომ  ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნები ეს არის უმთავრესი დაკვეთა ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი საზოგადოების სკოლების მიმართ. ამისთვის საჭიროა მოვიძიოთ კარგად განმახორციელებლები, მონიტორინგის ჩატარება  და ყველაფრის კარგად დაგეგმვა, რადგან მთავარი ის კი არ არის,  დოკუმენტები მივიღოთ, მთავარია ისინი  შესრულდეს. მარტო ის არ არის ჩავწეროთ დოკუმენტში,რომ უნდა აღვზარდოთ ტოლერანტი,თავისუფალი, დემოკრატიული განწყობის,სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები. ეს ჩანაწერები თავისთავად არაფერს ნიშნავს თუ რეალურად არ განხორციელდება. როდესაც თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, სკოლებს უნდა მოვუწოდოთ რომ იმუშაონ ინოვაციურად და წარმოადგინონ საკუთარი სხვებისგან განსხვავებული სახე, ამის რეალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მათ. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მინისტრს, მიმაჩნია, რომ მისი გამოცდილება ჩვენ სფეროში იმსახურებს პატივისცემასაც და ნდობასაც.

ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, დაიწყო თუ არა ინოვაციური პროგრამების დანერგვა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რასაც მიაწერდნენ მის საქმიანობას?

ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიწყო ან გააგრძელა მნიშვნელოვანი პროგრამები. რომლებიც, ვფიქრობ, უნდა შეწყდეს. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის ახალი სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ ჩატარდა და საზოგადოების მხრივ სათანადო განხილვისა და დახვეწის შემდეგ შეიძლება განვითარების კარგ ინსტრუმენტად იქცეს. ასევე კარგი პროექტი განახორციელა ბატონმა ჯეჯელავამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში დეცენტრალიზების ელემენტების შემოტანით (ახალი პროვაიდერების გამოჩენა და საგანმანათლებლო ბაზრის ამ სეგმენტის საკონკურენციო განზომილებაში გადატანა).

ეროვნულ სასწავლო გეგმებს დავუბრუნდეთ, საინტერესოა როგორ უნდა შემოწმდეს, მაგალითად როგორ სრულდება ეროვნული სასწავლო გეგმების მიმდინარეობა?

ჩვენ უნდა გამოვყოთ ორი დოკუმენტი, ერთი არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად არის შექმნილი ეროვნული სასწავლო გეგმა.  ჩვენ ყველამ ერთად – სახელმწიფომ, საზოგადოებამ უნდა შევაფასოთ აღწევენ თუ არა მიზნებს ,რაც ჩვენ დეკლარაციაში გვაქვს.

ჯერ კიდევ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროს გადაწყდა, რომ უნდა შეცვლილიყო მეექვსე კლასამდე  სახემლძღვანელოები. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ ფიქრობთ უნდა გაგრძელდეს თუ არა ამ პროგრამაზე მუშაობა?

ამ ინიციატივაზე მუშაობა გარდაუვალია, რადგან დაწყებით კლასებში პირველიდან მეექვსე კლასამდე ბავშვებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმა კორექტირებულია და ახალი სასწავლო გეგმა უკვე შემოვიდა სასკოლო პრაქტიკაში.სახელმძღვანელოების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებთან ერთად წიგნი ქმნის გარემოს და პირობას, რომ ჩვენი მოსწავლები მნიშვნელოვნად განვითარდნენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში საუბარია ასევე, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ  სააზროვნო უნარებზე გასვლა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განმოცდების ტესტები შეადგინა, რომელიც სწორედ ამ უნარებზეა  ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ,  მიიღწევა  მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა?

ვფიქრობ, მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა ყველა წინარე პირობის უთუოდ შესრულებას მოითხოვს – არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა ერთ მოსწავლეზე 25-30-ჯერ ნაკლებ თანხას ხარჯავდეს, ვიდრე განათლების თვალსაზრისით დაწინაურებული ქვეყნები; ჩვენ უნდა შევქმნათ მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების ადეკვატური სისტემა, რათა პედაგოგთა კომპეტენცია ახალი საგანმანათლებლო გამოწვევების შესაბამისი იყოს – მოსწავლეს ვერ ჩამოუყალიბებ ასეთ “მაღალ” უნარებს, თუ თავად არ გაქვს ისინი სათანადოდ განვითარებული; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ლიტერატურა (სახელმძღვანელოები, მეთოდიკა…) და თანამედროვე ინფრასტრუქტურა.