პრემიერი ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ბრიუსელიდან ჩაფრინდა, სადაც ის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის სასტუმრო “ლეოგრანდში” მივიდა, სადაც ხანძარი გაჩნდა და  შემთხვევის ადგილზე ვითარებას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეცნობოდა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

“პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში.

დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.