საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დილიდან,  სასტუმრო “ლეოგრანდის” შესასვლელში მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ.

დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს გამოძიებისთვის ხელის შესაწყობად.

საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.