პრემიერი: ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია…

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება.  პრემიერმა ისაუბრა  სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზე და ხაზი გაუსვა  ერთიანი ფრონტ–ოფისის შექმნის მნიშვნელობას.

„პარალელურად, ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს, სადაც, ელექტრონული მმართველობის მოდელით, ნებისმიერ იურიდიულ პირს ყველა სერვისი მიეწოდება. ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია. წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ მის განხორციელებას. მმართველობითი რეფორმის მესამე ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბიზნესსაზოგადოება, ისე არასამთავრობო სექტორი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც შევქმენით ინვესტორთა საბჭო, ევრობანკის ინიციატივით. იქ ჩვენ გვყავს ყველა საერთაშორისო დონორი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. საბჭოში განიხილება ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილების ინიციატივა, რათა გამოირიცხოს უარყოფითი სიურპრიზები ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეოთხე მიმართულება – ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კერძო სექტორის ჩართულობაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რათა სწორი ბალანსით, მიღწეული იქნას ერთის მხრივ ხარისხის ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხოლო, მეორეს მხრივ, შემცირდეს ტვირთი ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარის დატოვება