ვინ იყო ხორვატი გენერალი, რომელმაც ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე თავი მოიკლა

29 ნოემბერს, ხორვატიის არმიის გენერალმა სლობოდან პრალიაკმა თავი მოიკლა. მან ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე საწამლავი დალია. საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე აპელაციის განხილვისას გენერლის ბრალი დაადასტურა. მას ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში სდებდნენ ბრალს. თვითმკვლელობის შემდეგ ნიდერლანდების პოლიციამ სასამართლოს დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადა.

ის მსახურობდა ხორვატიის შეიარაღებულ ძალებში, ასევე ხორვატიის თავდაცვის საბჭოში – ბოსნია-ჰერცეგოვინის ხორვატთა შეიარაღებულ ორგანიზაციაში. საბჭო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ შეიქმნა და 1995 წლამდე იარსება. ხორვატიის მთავრობის მხარდაჭერით, საბჭო ბოსნიელ ხორვატებს, ბოსნიელ სერბებს და ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ მოსახლეობას შორის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. პრალიაკი ხორვატიის თავდაცვის საბჭოში 1991 წელს გაწევრიანდა. ომის დაწყებამდე ის იუგოსლავიაში თეატრის რეჟისორად მუშაობდა.

სპეციალური სასამართლო ორგანო – საერთაშორისო ტრიბუნალი – ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე, გაეროსთან 1993 წელს იმ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებების განსახილველად შეიქმნა, რომლებიც იუგოსლავიის ომების (1991-2001 წლები) დროს იყო ჩადენილი. მუშაობის განმავლობაში მან ბრალი წაუყენა კოფლიქტების 161 მონაწილეს. ტრიბუნალს მანდატი 2017 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

პრალიაკი ტრიბუნალს 2013 წელს ჩაბარდა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ბოსნიელი ხორვატების კიდევ ხუთმა წევრმა. პრესა წერდა, რომ მათ გადაწყვეტილება ხორვატიაზე ზეწოლის გამო მიიღეს, რადგან ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრობლემები ექმნებოდა.

სლობოდან პრალიაკს სამხედრო დანაშაულში დასდეს ბრალი და 20 წლით თავსუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ყოფილი იუგოსლავიის საქმის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ გენერალმა, რომელიც ხორვატთა თავდაცვითი საბჭოს შტაბის ხელმძღვანელი იყო, იცოდა ბოსნიურ ქალაქებში დაგეგმილი წმენდის შესახებ, მაგრამ საკმარისი ძალისხმევა არ გაიღო მუსლიმების განადგურების წინაარღმდეგ. ის დაადანაშაულეს ასევე უმოქმედობაში იმ ხორვატი სამხედროების მიმართ, რომლებიც ეთნიკურ წმენდასა და მეჩეთების, ასევე მოსტარში ხიდის განადგურებაში მონაწილეობდნენ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

მოსტარში, მდინარე ნერეტვაზე, ოსმალების ბატონობის დროს აგებული ხიდი ბალკანეთის ისლამური არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლად მიიჩნეოდა. ის ხორვატებმა 1993 წელს დაანგრიეს. ხიდი 11 წლის შემდეგ, 2004 წელს აღადგინეს.

29 ნოემბერს, ჰააგაში პრალიაკის განაჩენის აპელაცია განიხილებოდა. საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატი გენერლის წინააღმდეგ ბრალდებების ნაწილი გააუქმა, ასევე აღიარა, რომ დანგრეული ხიდი შეიძლება სამხედრო სამიზნედ მიჩნეულიყო. ამავდროულად, სასამართლომ განაჩენის შემსუბუქებაზე უარი თქვა. აპელაციის მომენტისთვის პრალიაკი 72 წლის იყო.

როდესაც გენერალმა გაიგო, რომ განაჩენი ძალაში რჩებოდა, მან გაბრაზებულმა წამოიძახა: “პრალიაკი დამნაშავე არ არის, მე უარვყოფ თქვენს განაჩენს”, შემდეგ ამოიღო სითხიანი ბურთულა და გადაყლაპა. ამის შემდეგ კი გარშემომყოფებს უთხრა, რომ საწამლავი დალია. სხდომა შეწყდა, პრალიაკი ჰააგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალე გარდაიცვალა. არანაირი ცნობები იმის შესახეb, თუ რა საწამლავი იყო ეს, როგორ შეძლო პრალიაკმა მისი სხდომაზე შეტანა და ჰყავდა თუ არა თანამზრახველები, უცნობია. ნიდერლანდების პოლიციამ სასამართლოს დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხდა.​​​​​​