ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

სპეციალური ბრიფინგში ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე.

“მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,”- განაცხადეს სუსში.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა  წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება