კონდიტერი, რომელმაც გეი წყვილს ტორტი არ გამოუცხო, შესაძლოა გაასამართლონ

 

ამერიკის სასამართლო კოლორადოს შტატში მცხოვრები ერთ-ერთი ცნობილი კონდიტერის წინააღმდეგ საქმეს განიხილავს. ჯეკ ფილიპსის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო აღძრეს საქმე, რომ მან  ერთსქესიანთა ქორწინების მსურველებს ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე უარი განუცხადა.

„ტორტების ხელოვნად“ წოდებულმა ჯეკ ფილიპსმა, რომელიც აღმსარებლობით ქრისტიანია, გეიწყვილს განუცხადა, რომ ნებისმიერ მათ შეკვეთას შეასრულებდა, გარდა საქორწილო ტორტის გამოცხობისა, რადგან ამ საქციელით ის უნებურად ერთსქესიანთა  ქორწინების ცერემონიალის თანამონაწილე გახდებოდა, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.

დაქორწინების მსურველებმა კონდიტერის წინააღმდეგ  კოლორადოს სამოქალაქო უფლებების დაცვის კომისიაში შეიტანეს განაცხადი. კომისიამ  და შტატის სასამართლომ  დაადგინეს, რომ კონდიტერმა შტატის ადმინისტრაციული კანონი დაარღვია. კოლორადო ამერიკაში 22 შტატს შორის ერთ-ერთია, სადაც სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია აკრძალულია.

ფილიპსმა გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, მისი განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტატის ადმინისტრაციის კანონმდებლობა კონსტიტუციის პირველი მუხლის თანახმად უხეშად არღვევს მის რელიგიურ და სიტყვის თავისუფლებას.

ამერიკის კონსტიტუციის პირველი მუხლით იკრძალება – ხელისუფლებამ დაავალდებულოს ხალხს მონაწილეობა მიიღონ მათთვის მიუღებელ ცერემონიებში.

თუ ვის უფლებებს არღვევს ამერიკული ანტიდისკრიმინაციული კანონი, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის თავისუფლებისა თუ სიტყვის თავისუფლების, ეს ცოტა ხანში ამერიკის უმაღლეს სასამართლოზე გაირკვევა.