საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები საქართველოს მოსწავლეებისთვის ერთიანდებიან

გერმანიაში მცხოვრები  ქართველი სტუდენტი მიხეილ სარჯველაძე საზღვარგარეთ მყოფ ყველა ქართველ სტუდენტს მიმართავს და საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

-„გერმანიაში მყოფი და ზოგადად იმ ქართველი სტუდენტების საყურადღებოდ, ვინც საზღვარგარეთ სწავლობთ!

კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე წელია ვარ ე.წ. სტუდენტი-ნათლია. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც რჩევებით, ინფორმაციებით ვეხმარებით განსაკუთრებით სოციალურად შედარებით რთულ მდგომაროებაში მყოფი ოჯახების, მიგრანტების შვილებს, რომელთაც დახმარების გარეშე შედარებით მცირე შანსი აქვთ, შეძლონ და გაბედონ უნივერსიტეტში სწავლა.

გასულ წელს, როცა ახალგაზრდა ელჩი ვიყავი და ასევე შემდეგ გურიაში ჩასვლის დროს თითქმის ყოველთვის ვხვდები სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც განათლების მნიშვნელობაზე, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე და ევროპულ ღირებულებებზე ვესაუბრები. თუმცა საუბარი ერთია და რეალურად რაღაცის შეცვლა მეორე. მარტო მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების განვითარების საუკეთესო გზა განათლებაშია, რომელთან წვდომა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს და არ უნდა არსებობდეს ის სოციალური უთანასწორობა, რომელიც დღევანდელ განათლების სისტემაში არსებობს. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ რეპეტიტორის გარეშე, ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი, ან არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე, რადგან მათ სკოლა და გარემო ხშირად სათანადო განათლებას და ინფორმაციას ვერ აძლევს. მხოლოდ განათლებას არ ვგულისხმობ, არამედ ასევე იმედს, უკეთესი მომავლის რწმენას განათლების მეშვეობით.

ამიტომ ვიფიქრე, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ ჩვენი ქვეყნისგან დისტანციურადაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკვე აღნიშნული უთანასწორობის დაძლევაში. ჩვენ გვაქვს ის კომპეტენციები (უცხო ენები, ცალკეული სფეროები, რომლებსაც ვსწავლობთ), რომლებიც მოგვცემს საშუალებას კონსულტაცია გავუწიოთ განსაკუთრებით რეგიონების სკოლების მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველებს, რადგან ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ უკეთესი მომავალი. ვიფიქრე, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად კარგი იქნებოდა თუ დავიწყებთ სტუდენტი-ნათლიას პროექტს და თითოეული ჩვენგანი გახდება სტუდენტი ნათლია ერთი რომელიმე მოსწავლისთვის საქართველოში. შეგვეძლება ამ ადამიანებს დავეხმაროთ ინფორმაციით, რჩევებით, წიგნებით, გავამხნევოთ და ა.შ. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი თუ არ დაიზარებთ (ჯერჯერობით საუბარი თავად იდეაზეა და არ განხორციელების მექანიზმზე)“

 

კომენტარის დატოვება