ახალი ინიციატივა – “ქართული მიწა ემიგრანტებს“

დავით დოლიძე

დღეს ახალი პროექტის “ქართული მიწა ემიგრანტებს“ პრეზენტაცია გაიმართა.

მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღეს პროექტის „ქართული მიწა ემიგრანტებს“ პრეზენტაცია გამართა.

„ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე მუსირებს აზრი, რომ ქართული მიწის გასხვისება აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მოკლებულია სიღრმისეულ ანალიზს და საჭიროებს დაუყონებლივ გადახედვას.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება დაახლოებით 1,7 მლნ საქართველოს მოქალაქე. ათწლეულების მანძილზე ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი გახდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, რის გამოც, მათ შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. მიგვაჩნია, რომ თითოეული ქართველის სამშობლო არის საქართველო.

ჩვენი ინიციატივაა, რომ ნატურალიზაციის ანუ დაბადების ფაქტის გათვალისწინებით განხორციელდეს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ქართველების უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებთან, შესაბამისად მათ უნდა ჰქონდეს უფლება ქართული მიწის შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებით ისარგებლონ იგივე შესაძლებლობებით და უფლებებით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი თანამოქალაქეები.

ჩვენი ინიციატივაა, განხორციელდეს იმდაგვარი საკანონმდებლო რეფორმა, რის საფუძველზეც ემიგრანტებს გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით შევთავაზებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს შეღავათიან ფასად და 10 წლის ვადით გავათავისუფლებთ ყველა გადასახადისგან.

შესაძლებელია ემიგრანტებს შევთავაზოთ მიწის საფასურის გადახდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გრაფიკი, რათა მათ შეძლონ მათ ხელში არსებული კაპიტალის ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად“,– განაცხადა საინიციატივი ჯგუფის წევრმა ირაკლი ღლონტმა.

პრეზენტაციაზე მოხდა ემიგრანტების ჩართვა და მათი აზრის თუ წინადადებების მოსმენა.