მსჯელობა კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე

დღეს 10:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიხსნება ორ-დღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზები. შეხვედრა იმართება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

ეს არის რიგით მეორე თემატური ღონისძიება, რომელიც ეფუძნება 2015 წელს OSCE/ODIHR-ის მიერ საქართველოს საკანონმდებლო პროცესის შეფასებას, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეფასება ითვალისწინებდა საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის რეგულირებისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და მის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას, მათ შორის საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ODIHR-ის ექსპერტები ავსტრიიდან, ხორვატიიდან და ესტონეთიდან.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის მუშაობაში ფართო საზოგადოების მონაწილეობას. ცვლილებები მომზადდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი, UNDP და IDFI.