ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ ომი უკრაინაშია, ვხედავთ, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებიან – ვინმე უმრავლესობიდან ნახეთ ერთი სამძიმრის სიტყვა რომ ეთქვა?! – გიგი უგულავა

ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ ომი კიევშია და უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებიან – ვინმე უმრავლესობიდან ნახეთ ერთი სამძიმრის სიტყვა რომ ეთქვა?! არ შეიძლება სირაქლემასავით იყო,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის პატივსაცემად მოქალაქეეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

როგორც უგულავა განმარტავს, უამრავი ქართველი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის, რათა ომის ცეცხლი საქართველოში არ წამოვიდეს.

“მთელი საქართველოსთვის ომი უკრაინაში ომი საქართველოშია. ამიტომაც იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ ჩვენი თანამებრძოლები და მეგობრები.

ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც არსად ჩანს არის ის, რომ ღირსეულად დაკრძალოს და მათ ოჯახებს მიხედოს. მიანიჭოს მათ წოდება, ის რაც ეკუთვნით. ამას ითხოვს ჩვენი საზოგადოება. ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ ომი უკრაინაშია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გიჟი არავინ არის. ყველა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის, ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნისთვის დაიღუპნენ. უამრავი ქართველი საქართველოსთვის იბრძვის, საქართველოში რომ არ წამოვიდეს ომის ცეცხლი. ეს ხალხი მკერდით ეფარება იმას, რომ ომი არ დაიწყოს. მთავრობა კი არც ცნობს ამ ადამიანებს. ეს დაუშვებელია, ოჯახებს მაინც მიხედეთ, თანაგრძნობის სიტყვა მაინც თქვით უმრავლესობამ. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, წარმოუდგენელია. ვინმე უმრავლესობიდან ნახეთ ერთი სამძიმრის სიტყვა რომ ეთქვა?! არ შეიძლება სირაქლემასავით იყო. ეს ომი მოვა ჩვენთან, თუ ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს არ დავაფასებთ ვინც იქ იბრძვის“,- აღნიშნა უგულავამ.