ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდაა, რაც გვქონია ამ 27 წლის განმავლობაში…

ხათუნა ლაგაზიძე

-კიდევ ერთხელ გაეროში  კენჭისყრის თაობაზე: ტრამპი ამბობს – ვინც დღეს ჩვენს საწიანააღმდეგო რეზოლუციას მხარს დაუჭერს, დახმარებას შევუწყვეტთო! თუ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე ამერიკის საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარს დავუჭერთ და ამერიკა მუქარას აასრულებს და დახმარებას შეწყვეტს -ამერიკის მხარდაჭერის გამოცლა ჩვენთვის კატასტროფაა, სრული!

მეორეს მხრივ, ამერიკის პოზიციას თუ გაიზიარებ, რეგიონში მარტო რჩები ანტიდასავლური კოალიციის პირისპირ; არ არის გამორიცხული ისლამური ქვეყნების ნაწილმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება დაიწყონ; არც ჩვენი მეზობელი ქვეყნების წაქეზებით ჩვენი მუსულმანი მოსახლეობის ნაწილში საპროტესტო ტალღის აგორებაა გამორიცხული; დამატებული გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეები, და სხვა სავარაუდო რისკებს ვინ ითვლის ჩვენს ხელისუფლებაში ან ამერიკასთან ვინაა მომლაპარაკებელი – რას ვითხოვთ მხარდაჭერის სანაცვლოდ და თუ ვითხოვთ რამეს საერთოდ; ვინმე თუ ცდილობს უკრაინის პოზიციის გარკვევას – რას აპირებს კენჭისყრისას, იმიტომ რომ მისთვის არანაკლები კატასტროფაა ამერიკის მხრიდან ზურგის შექცევა?!

ერთი იმედი ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, აშშ-ის პოზიციის წინააღმდეგ წავა და მათაც ხომ არ დაუწესებს სანქციებს ამერიკა… არ არის ეს მხოლოდ ხელისუფლების საწუხარი და საფიქრალი: ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდაა, რაც გვქონია ამ 27 წლის განმავლობაში.