“გვიყვარხარ, საქართველოვ! ქართველებო, ჩვენი გახარებული წინაპრები ზეციდან გლოცავენ!”

ფერეიდნელების მეექვსე ჯგუფმაც დაასრულა მშობლიური ენისა და სიმღერების შესწავლა.

თუმცა ზვიად ტომარაძის ინიციატივით დაწყებული ეს მართლაც რომ ქართული პროექტი ისევ გრძელდება და მეშვიდე ჯგუფს სიახლეებიც ელის. ამაზე მოგვიანებით, ახლა კი თვალი გადავავლოთ როგორ იწყებოდა ყველაფერი…მანამდე კი აღსანიშნავია, რომ ექვსი პროექტიდან ოთხი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.

… ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში ჩავიდა და იქაურ ქართველებს ქართული წიგნები ჩაუტანა. რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა ისეთი პროექტი განეხორციელებინა, რომელიც ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენისა და სიმღერების შესწავლის საშუალებას მისცემდა. პროექტი დაიწერა და ავტორმა მას „ნამდვილი ქართული საქმე“ უწოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაწერა პროექტი – “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისათვის” და სულ მალე 12 ფერეიდნელი ქართველი 2 თვით ეწვია თბილისს. ეს პირველი ჯგუფი იყო.  2 თვიანი მეცადინეობის შემდეგ 2016 წლის 27 ივლისს პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მოდით, ერთად გავიხსენოთ როგორ ასწავლიდა პირველ ჯგუფს „სულიკოს“ პედაგოგი- ნინოკო ჩხეიძე.

პროექტი უკვე თვეებია წარმატებით ხორციელდება, უკვე მეექვსე ჯგუფმა დაასრულა სწავლა. პროექტის ფარგლებში ფერეიდნელები ეცნობოდნენ საქართველოს ღირშესანიშნაობებს, დადიოდნენ ექსკურსიებზე, არ აკლდებოდნენ სტადიონებზე გამართულ მატჩებს და დიდი გულმოდგინებით გულშემატკივრობდნენ ქართველ სპორტსმენებს.

აქციებზეც დადიოდნენ და სულისშემძვრელ სიტყვასაც ამბობდნენ. ალბათ არავის დაავიწყდება მათ მიერ რუსთაველის ძეგლთან ნათქვამი სიტყვები: „გვიყვარხარ, საქართველოვ! გვიყვარხართ, ქართველებო!“ 

მოდით კიდევ ვნახოთ ეს ამაღელვებელი წუთები.

ისიც ხომ გახსოვთ, აფხაზეთს რომ უმღერეს…

საქართველოში ჩამოსულები ხომ კმაყოფილნი არიან მშობლიურ მიწასთან სიახლოვით, მაგრამ თან სწამთ, რომ მათი წინაპრების სულებიც ზეიმობენ. აი, რას ამბობს პროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე:

“ერთმა ფერეიდნელმა მითხრა, ჩვენი გახარებული წინაპრები ზეციდან გლოცავენო! მართლაც, რაც ფერეიდნელების საქმეს შეეხება, ძალიან დიდი ძალა მეხმარება…

პრობლემებიც იყო-მოქალაქეობის მინიჭებაზე ბევრი ბრძოლა და ხმაური გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და პროექტის ავტორი მეშვიდე ჯგუფის დასახვედრად ემზადება. სიახლეებსაც გეგმავს და გაკვეთილების გამრავალფეროვნებასაც.

და ბოლოს, ფერეიდანში ჩოხით ჩასული პირველი ქართველის, გიორგი თორელის (გელაშვილი) სიტყვები გაგვახსენდა:

„ყველა  ქუჩას  ქართული წარწერა აქვს. მანქანებს „საქართველო“, ან „სამშობლო“ აწერიათ, ზოგსაც – „საქართველო, მიყვარხარ“, „დედაენის დამვიწყებელს დამმარხველი არ ჰყავს“…

გზა დავულოცოთ ფერეიდნელების მეექვსე ჯგუფს და დაველოდოთ “ნამდვილი ქართული საქმის” გაგრძელებას.

https://www.facebook.com/dedakalaki/videos/1746198632091257/?hc_ref=ARR9aHuUtL1QKYi74HVTuYVtSAxhGJs29jk4qOa-YYOkqqj8nxmOAjqZKAbwquYUni8&pnref=story