გადაადგილება ჯამში უმრავლესობის 20-ზე მეტ დეპუტატს შეეხო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელებენ, შემდეგ საკითხი განსახილველად ბიუროს წარედგინება, საბოლოოდ გადაწყვეტილებაც დღეს ჰახდება ცნობილი.

უმრავლესობაში ფრაქციები: “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ და “ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ იქმნება. 

ფრაქცია “ქართული ოცნების“ გარდა, უმრავლესობის შიგნით არსებული სხვა ფრაქციები რამდენიმე წევრმა დატოვა, რომლებიც ახალი ფრაქციების რიგებში იქნებიან. დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეებიდან“ კვლავ ფრაქცია “ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების“ გარდა, უმრავლესობის ყველა სხვა ფრაქციის წევრთა რაოდენობა ექვსია და ამ გადანაცვლებით მინიმალური ოდენობა მცირდება, ფრაქციების გამოკლებული წევრების უმრავლესობის ახალი წევრებით შევსება ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაადგილება ჯამში უმრავლესობის 20-ზე მეტ დეპუტატს შეეხო.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი დეპუტატისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.

უკვე ცნობილი ხდება, რომ ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.