„მძინარე ბიჭს ესროლეს!“ – დღეს დუისში უხუცესები იკრიბებიან

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

პანკისის ხეობის სოფელ დუისის ცენტრში დღეს, 14:00 საათზე სახალხო კრება გაიმართება, სადაც ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. შეკრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხეობის უხუცესები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კრების მონაწილეები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან ნაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. დაჭრილის მამა აცხადებს, რომ მის შვილს მძინარეს ესროლეს, ის დასმულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად აცხადებს არ გაჩერდება და ყველაფერზე წავა სიმართლის დასადგენად.