უკვდავება მომავალშია – საახალწლო კონცერტი დაღუპული გმირების შვილებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით, თავდაცვის სამინისტროში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მათ სიტყვით მიმართეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და სასიამოვნო დღის გატარებაზე ჯარის მეგობრებმა, ქართველმა მომღერლებმა – სოფო ბედიამ, ნუცა ბუზალაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მაკა ზამბახიძე და ელენე ფოჩხუამ იზრუნეს. მომღერლებმა მოწვეულ სტუმრებს ახალი წელი სპეციალურად მათთვის გამართული კონცერტით მიულოცეს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი „სუპერის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ქართულმა კომპანიებმა, „ბარამბომ“, „ქართული ლუდის კომპანიამ“, მედიაჰოლდინგმა „პალიტრა L“-მა, სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ და სამხედრო ჟურნალმა „არსენალმა“ კი, სოციალური პასუხისმგებლობისა და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში სტუმრები სხვადასხვა პროდუქციით დაასაჩუქრეს.
მოგვიანებით, ბავშვებმა დედებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გადაინაცვლეს, სადაც მათ „ქართული კვების კომპანია“ ფურშეტით გაუმასპინძლდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.