“შევძელით ის, რასაც ხშირად ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ”

ირაკლი ბერაია:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეფექტიანად იმუშავა და წარმატებით გაართვა თავი კანონით და მისი მანდატით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას. აშკარაა, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზევე იქნა აღკვეთილი, რასაც ხშირად ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ.

სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით პრაქტიკულად დადგენილია, რომ სალოსის ქუჩაზე განეიტრალებული ტერორისტული დაჯგუფება და მათი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში,  დიპლომატიურ მისიებზე. სწორედ უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიული სტანდარტით მუშაობამ განაპირობა აღნიშნულის პრევენცია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უსაფრთხოების სამსახურის მიზანი ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ინტერესების  ტერორისტული საწმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვაა. პრევენცია კი, ამ მიმართულებით ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული კომპონენტია.