1 იანვრიდან ჩვენს საზოგადოებას ბევრი ცვლილება ელის…

უკვე დღეიდან, 1 იანვრიდან ჩვენს საზოგადოებას ბევრი ცვლილება ელის. როგორც გახსოვთ, დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება იწყება.

ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება.

რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

ცნობისთვის, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.

1 იანვრიდან მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება. არსებული ინფორმაციით, საგამოცდო ბილეთების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამასთან, მომავალ მძღოლებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის გზებზე მოუწევთ.

და კიდევ – ავტოსკოლებს სპეციალური ლიცენზიები უნდა ჰქონდეთ.

აი იმ მძღოლებს კი, რომელთაც 100 ქულა უკვე ამოეწურათ, მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ხოლო გადაბარების შემდეგ ქულების კვლავ განულების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციებია, რაც ძალიან კარგია.

გილოცავთ ახალ წელს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2018 წელი!