უნდობლობა…უკმაყოფილო პანკისელები და “უხუცესთა საბჭოს” მორიგი განცხადება

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლები გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე 8 დღეა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ოჯახის წევრები კი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათ სუს-ის ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და  ითხოვენ, რომ მტკიცებულებები გააცნონ, რომელიც გამოძიებას აქვს და მათ ტერორისტებთან კავშირს ადასტურებს. ბრალდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან.

უხუცესთა საბჭოს წევრმა „კურიერთან“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პანკისსა და თბილისში დაკავებულების საქმეზე გამოძიების ოფიციალური ვერსიის უხუცესთა საბჭოსაც არ სჯერა და თან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მორიგ განცხადებას ავრცელებენ.

პანკისის უხუცესთა საბჭო აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბრალდებულთა დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით. სუს-მა მტკიცებით ფორმაში მიუთითა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად მოხდა გასროლა მისი მისამართით.

“მართალია საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისივე საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში სროლა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, იგი ამ დრომდე რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ასევე, ვერ მივიღეთ დამაჯერებელი განმარტება რატომ იყო აუცილებელი ამ პირების დასაკავებლად ასეთი მასშტაბური სპეციალური ოპერაციის ჩატარება ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით.

“მოვუწოდებთ პროკურატურას, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს 19 წლის ახალგაზრდის დაჭრის შემთხვევა და რაც შეიძლება მოკლე დროში გვაცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების საქმეზე გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, მხარეთა თანასწორობის პრინციპით. სამწუხაროდ, მსგავსი საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვისას სხდომების დახურვის პირობებში, ჩვენ ვერასოდეს ვიგებთ სიმართლეს.

“ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

პატივისცემით,
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირის“ გამგეობა“-აღნიშნულია განცხადებაში.