“ნუ ცდილობთ პანკისის თემის წამოწევას! არ ნიშნავს, რომ პანკისი საფრთხის ბუდეა!”

ამირან სალუქვაძე

გენერალი

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

ძალიან უპასუხისმგებლოდ ვიქცევით მსგავსი სახიფათო თემების კომენტირებისას ან გაშუქებისას ჩემი კოლეგები, ანუ საექსპერტო საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ყველა თემის გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ შიდაპოლიტიკური ბრძოლებისთვის, არათუ არ შეიძლება, სახიფათოა ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის, სტაბილურობისთვის.

თუ ვმოქმედებთ იმ პრინციპით, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებისა, მაშინ ტყუილად ვნაყავ ახლა წყალს და ვცვეთ კლავიატურას. იმედია ეს ასე არაა.

არასდროს ვცდილობ ყველა საბაბით ეკრანზე გამოვჩნდე ან ინტერვიუ აიღონ. ვინც მეხმიანება ხოლმე, ჯერ თემას ვეკითხები და თუ ვთვლი, რომ საზოგადოებას მეტნაკლებად კომპეტენტურ აზრს მივაწვდი, მაშინ ვთანხმდები ინტერვიუს.

შესაბამისად დღესაც თემა ვიკითხე, ოღონდ უარის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ კომპეტენტურ პასუხებს ვერ გავცემდი გადაცემის წამყვანს.

ჯერ კიდევ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განვაცხადე, რომ ნუ მოვახდენდით თემის ზედმეტად აჟიტირებას და სიფრთხილით მოვეკიდოთ ტერორიზმის თემას.

ასევე ბევრჯერ დავწერე და განვაცხადე, რომ ნუ ვახდენთ პანკისის თემის გამწვავებას, რადგან ეს არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, მეტიც, ეწინააღმდეგება მას.

ასევე ვთქვი ადრინდელ კომენტარებში, რომ 22 ნოემბერს ატარებულ სპეცოპერაციას ექნებოდა გაგრძელება და ვაცალოთ სპესამსახურებს გამოძიების ჩატარება და საქმის ბოლომდე მიყვანა-მეთქი.

როგორც დავინახეთ გაგრძელება მოჰყვა და ჩატარდა კიდევ ერთი სპეცოპერაცია.

მთელი ეს პერიოდია ამ თემაზე არ ვიძლევი ინტერვიუს, არ ვწერ სოციალური ქსელის მეშვეობით ერთი მარტივი მიზეზით: თემა ძალზედ სენსიტიურია და აჟიოტაჟი მხოლოდ საზოგადოების, ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზიანო უფრო იქნება, ვიდრე სასარგებლო.

ამ დღეებში ვნახე უამრავი სიუჟეტი, მათ შორის გუშინ, დღეს. ზოგი მათგანი არ ემსახურება სიმართლის დადგენას ან მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მიმართულია რეიტინგების ამაღლებისა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

ხელისუფლება აკრიტიკეთ სხვა სფეროებში. თუ საკითხები შემოგაკლდებათ, მოგაწვდით.

თუ თქვენ არ ზრუნავთ საზოგადოების უსაფრთხოებაზე, მე როგორც ერთ მოქალაქეს შემიძლია მოგიწოდოთ, ნუ აზიანებთ უსაფრთხოების გარემოს, ნუ ცდილობთ პანკისის თემის წამოწევას. ეს ოპერაცია შესაძლოა ჩატარებულიყო გურიაში, აჭარაში ან სხვა რეგიონში. შესაბამისად არ ნიშნავს, რომ პანკისი საფრთხის ბუდეა.

ახლა დღეს გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით. ვინც ახდენდით აჟიტირებას, რომ არანაირი კავშირები ამ პირებს ჩატაევის ჯგუფთან არ ჰქონდა, იქნებ ბოდიში მოიხადოთ?!

ვიდეო კადრები ადასტურებს, რომ როგორც მინიმუმ ეს პირები იცნობდნენ ერთმანეთს და ერთად მოძრაობდნენ.

ძალიან მძიმეა დაჭრილი მოქალაქის ოჯახის მდგომარეობა. სპეცოპერაციისას რომ გარდაცვლილიყო, ეს ერთი რეალობა იქნებოდა. ახლა, რომ ოჯახიც და საზოგადოებაც ელოდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მიუხედავად ბრალდებისა, ეს ნორმალური რეაქციაა საზოგადოების მხრიდან, ზედმეტი და უადგილო აქცენტების გაკეთება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, იწვევს ზედმეტ ტკივილს და გართულებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა უშედეგოდ დასრულდა.

ვისურვებდი და უფალს შევთხოვ, რომ გამოჯანმრთელდეს. დანარჩენი კი სასამართლოს და გამოძიებას მივანდოთ.

და საერთოდ, ოჯახი და სახელმწიფო სტრუქტურები მშვიდად გაერკვევიან ყველაფერში. არსებობს ომბუდსმენი, სხვა უფლებადამცველები და უყურადღებოდ არავინ დარცება.

დღევანდელი კადრების გავრცელება კი, ვფიქრობ, მედიის, პოლიტიკოსების და ექსპერტების ზეწოლის შედეგად მოხდა. დღეს ზუსტად ამ თემაზე ვესაუბრე დილით ერთ-ერთ პროდიუსერს, რომ არ უნდა ვაიძულოთ გამოძიება პერიოდულად შუალედური ინფორმაციები გადმოგვიგდოს-მეთქი. ასე მგონია, რომ ვაიძლებთ გარკვეული ინფორმაციების გასაჯაროვებას, შესაძლოა ნაჩქარევადაც, რაც საზიანოა გამოძიების პროცესისთვის.

მე მედიას არ ვაკრიტიკებ. არც მედია ექსპერტის რეგალიებს ვიწებებ. თუმცა, თუ რამდენიმე ათეული ადამიანი არსებობს ქვეყანაში, ვისაც ღია წყაროები ესმის. მეც მეთქმის ერთი სიტყვა, რადგან ზუსტად 7 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული ღია წყაროებით, მიყავდა ჩემს მიერ შემუშავებული სასწავლო კურსიც. შესაბამისად, მედია სივრცის მაჯისცემას კარგად ვგრძნობ. როცა პულსი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ვალდებ ული ვარ დავწერო.

გადავხედოთ სხვა, მ.შ. წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ვადროოთ სპეცსამსახურებს შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები, რაც არ ნიშნავს, რომ კონტროლზე არ გვქონდეს და ანგარიშვალდებულები არ იყვნენ საზოგადოების წინაშე.

ესაა სულ რაც მსურდა ამ ორ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მეთქვა.