“საშიშროება იკვეთება რამდენიმე – როგორც სააკაშვილის ძალებიდან, ისე ხელისუფლების მხრიდან”

არჩილ გამზარდია

“ასე ადვილად არ დავადანაშაულებდი “ნაციონალურ მოძრაობას” ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში. მგონია, რომ უფრო სიტუაციით სარგებლობას ჰგავს და როგორც “ნაციონალური მოძრაობისგან”, ისე “ქართული ოცნებისგან”.

“ნაციონალური მოძრაობის” სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა ჩნდება, რომ მოვლენები დესტრუქციულად განევითარებინა, არაა საიდუმლო საზოგადოებისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი რევანშის მხოლოდ 2003 წლის მსგავს რევოლუციურ ან 1991-92 წლების მსგავს გადატრიალებაში ხედავს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციით ისარგებლა “ქართულმა ოცნებამ”, რომლის პოლიტიკა მკაფიო გახდა განვითარებული მოვლენების ფონზე, პარადოქსია, მაგრამ ხელისუფლებამ შექმნა საზოგადოებაში მოთხოვნილება სპეცრაზმის გამოყენებისა, მომწამლავი აირისა და რეზინის ტყვიებისა. არაერთგან “ქართული ოცნების” მომხრეებში გაისმა “ნულოვანი ტოლერანტობის” მოთხოვნაც კი. შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობა” კიდეც იმედოვნებდა, რომ ხელისუფლება მათ ძალის გამოყენებით დაშლიდა, თუმცა, ხელისუფლებამ პოლიტიკურად აჯობა და უკმაყოფილება მხოლოდ იმაზე გამოიწვია, რომ ადრევე არ ჩართო ძალადობრივი მოგვარების ინსტრუმენტები, მხოლოდ იშვიათი აკრიტიკებს ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად არ იმოქმედა, რათა მოვლენების ესკალაცია არც მომხდარიყო.

რა საშიშროება იკვეთება მომხდარში?

საშიშროება იკვეთება რამდენიმე – როგორც სააკაშვილის ძალებიდან, ისე ხელისუფლების მხრიდან.

სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან საშიშროება იკვეთება კიდევ უფრო მეტი პროვოკაციების, მათ შორის სეპარატიზმის შესაძლო წახალისების, ვხედავთ, რომ მოვლენები განვითარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მეორე მხრივ, ისინი შეეცდებიან სეპარატიზმის წახალისებას მათ შორის სამეგრელოშიც, მითუმეტეს, თუ მივადევნებთ თვალს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას აქტივობებს, რომელიც არსებითად პოლიტიკური აქტივობებია, ის ეპარქიას ხელმძღვანელობს სამეგრელოში და სხვა ეპარქიაში გადაყვანაზე პრინციპული უარიც განაცხადა.

შესაბამისად, რისკ ფაქტორი მისგანაც მომდინარეობს სეპარაციის ირიბი ან აშკარა წახალისებით.

ხოლო ხელისუფლების მხრიდან საშიშროება ჩნდება სამომავლოდ, ზოგადად, ოპოზიციური და მასობრივი გამოსვლების მიმართ. განვითარებული მოვლენებით, პრაქტიკულად ლეგიტიმაცია მიიღო ხელისუფლებამ, რომ სამომავლოდ ძალადობრივად დაშალოს საპროტესტო აქციები, ისე რომ მარტის ბათუმური მოვლენები ექნება საბაბად.

ოპოზიციურ ძალებს მე ვურჩევდი, რომ ამ საკითხზე და საშიშროებებზე რეალურად დაფიქრდნენ და ხელისუფლების მიმართ შესაბამისი კრიტიკული პროპაგანდა აწარმოონ, სამომავლო პრევენციისთვის.

სხვა შემთხვევაში, შეიძლება ხელისუფლებამ უკვე მარტივად დაშალოს ნებისმიერი საპროტესტო აქცია იმის მოტივირებით, რომ აღკვეთა მოვლენების “ბათუმური” განვითარება. ამ პროცესებში სამწუხარო ბევრი ტენდენცია გამოიკვეთა, ერთადერთი დადებითი ტენდენცია, ეს არის საზოგადოების უმეტესობის დამოკიდებულება, რაც ცალსახად დესტრუქციისა და კანონგარეშე პროცესების საწინააღმდეგოა. ხელისუფლების არაერთმა ოპონენტმა სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოხატა, დაგმო ძალადობა და ხელისუფლების ქმედებებზე მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა.

ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

1. ყოფილი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი ძალები აქტიურად შეეცდებიან სამომავლოდ კვლავ დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს ან შემთხვევითი მოვლენების გამოყენებას.

2. ხელისუფლებას ამავდროულად ეშინია არა მხოლოდ ამგვარი აქციების, პირიქით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების პროვოკაციებს უპასუხებს კიდეც, თუმცა, ხელისუფლებას აშკარად ძალიან ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის, სავარაუდოდ, მომავალში ხელისუფლება კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს ქვეყანაში და ამიტომაც, ამგვარი აქციების სიტუციით სარგებლობით სამომავლოდ საზოგადოების პროტესტის პრევენციას ცდილობს.

3. საზოგადოების ძირითადი ნაწილი, მთლიანობაში დგას უფრო მაღლა, ვიდრე “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობაა” და ამ ორი ძალისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივად აზროვნებს.”