“ეს იყო კონკრეტული დანაშაულის პრევენცია, რომლის გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია”

პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე  საუბარი ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას შეეხო.

“ეს იყო კონკრეტული დანაშაულის პრევენცია, რომლის გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია. ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ეროვნება და ტერორიზმი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დასჯადია. ამ ეტაპზე, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. საქმის დაჩქარებული გამოძიება სახელმწიფოსა და თავად ამ საქმეში ჩართული ყველა უწყების ინტერესებში შედის”-განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ერთად, ურთიერთთანამშრომლობით ხეობაში უნდა შექმნან ცხოვრების ისეთი პირობები, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და რეალიზდეს.