კობახიძის მორიგი კრიტიკა პრეზიდენტს…

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა, რომელსაც ამჟამად პრეზიდენტის კვოტით დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილიც ესწრებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრად წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ პასუხიმგებლობაზე ილაპარაკა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის დანიშვნის გამო აკრიტიკებს.

კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელ თანამდებობებზე მის თანამშრომლებს ნიშნავს, რაც კობახიძის აზრით “სამწუხაროა”.

“ზოგადად სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს წევრად, პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს, იგივე შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.