„მაცოცხლებელი ძალა არის ერი, რომ არა ქრისტე, გოლგოთის მნიშვნელობა რა იქნებოდა?!.“

დავით დოლიძე

დღეს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ახალგაზრდული ხმა, სჭირდება მომავალი თაობის გააქტიურება, რადგან სწორედ მათ უნდა მართონ ქვეყნის ბედი, საქართველო ხომ მომავლისაა..

პროფესორ რამაზ ლომინაძესთან საუბრის შემდეგ

იხ.

https://www.gmtv.ge/36515-2/

გავიგეთ, რომ ქვეყანაში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახალი ახალგაზრდული მოძრაობა დაწყებულა. რას ფიქრობენ მოძრაობის წევრები და როგორია მათი ხედვები? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ „ერთობის დარბაზის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელს, პოეტ ოთო ფალიანს დავუკავშირდით.

„ქართული ერთობის დარბაზის“ მიერ პრემიერისადმი გაგზავნილ „სიკეთის წერილზე“ თქვენი ხელმოწერაც არის. ერთობის დარბაზის წევრი ხართ და რატომ გადაწყვიტეთ დარბაზში  გაწევრიანება?

-დავიწყოთ იქიდან, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და ნაკლებად ვერეოდი პოლიტიკაში თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როცა იმ ახალგაზრდების გვერდით ვიდექი, რომლებიც ძალადობას აპროტესტებდნენ. 2011-2012 წლებში წინა პლანზე ვიდექი ტაო-კლარჯეთის ამბებზე შეკრებებზეც და აქციებზეც. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და ჩემს პოზიციას ყოველთვის რიგითი მოქალაქის რანგში ვაფიქსირებდი. ჩემი, როგორც ხელოვანის ვალი იყო ვმდგარიყავი იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩემს თანატოლებს, ჩემს მეგობრებს. მიმაჩნია, რომ ხელოვანი, შემოქმედი უნდა იდგეს იქ, სადაც სჭირდება ქვეყანას. არა მხოლოდ ხელოვანი, ყველა მოქალაქე ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგეს ისე, როგორც შეუძლია, ყველა ავტომატით ვერ იბრძოლებს. ზოგი კალმით ბრძოლობს და ზოგი ფუნჯით…

იმიტომ გადავწყვიტე „ქართული ერთობის დარბაზში“ გაწევრიანება, რომ იქ თავმოყრილია ყველა ის დიდი ხელოვანი და შემოქმედი, ვინც მთელი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ქმნიდა ღირებულს. ბევრ მათგანთან ვმეგობრობ, თუმცა ჩემი პირადი აზრით გავწევრიანდი დარბაზში, რადგან დარბაზის იდეა და მიზანი ემსახურება მომავალს, ემსახურება სამშობლოს და პატრიოტიზმით არის გაჯერებული. შეიძლება ზოგს დღეს პატრიოტიზმი მოძველებულად მიაჩნდეს, მაგრამ სანამ ქართველი იარსებებს, ეს თემატიკა არასდროს იქნება მიკარგული და მიჩუმათებული.

-„სიკეთის წერილზე“ თქვენი ხელმოწერაც არის.

-დიახ, არის, რადგან სრულად ვიზიარებ მის შინაარს, საერთოდ, დარბაზის მიერ პრემიერთან გაგზავნილ წერილს „სიკეთის წერილი“ ჰქვია და სხვა რაიმე მანიპულაციას ადგილი არ აქვს. ეს წერილი სრულად ემთხვევა პრემიერის აზრებს, მის შეხედულებას და ამ წერილით გვინდა რომ ეს საკითხები უფრო აქტუალური გახდეს. ამ წერილში ეს საკითხები წინა პლანზეა გამოტანილი, რათა დროულად მოხდეს მათი გადაჭრა.

– დღეს ახალგაზრდების უმრავლესობას საქართველოდან წასვლა უნდა, რა არის ამის მიზეზი და როგორია პირადად თქვენთვის სასურველი ქვეყანა?

-საქართველოდან წასვლა და ზოგადად ემიგრაცია ძალიან აქტუალურია. ჩემი არაერთი მეგობარია საქართველოდან წასული, არაერთ ემიგრანტთან მაქვს ურთიერთობა და ძალიან განვიცდი ამდენი ჩემი თანამოქალაქის სამშობლოდან შორს ყოფნას. მე ვიცი ყოველი მათი დილა როგორ თენდება და გული მტკივა…ეს დიდი გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც არათუ დალაგდა, არამედ პირიქით, რაღაცეებმა თემის აქტუალურობას უფრო შეუწყვეს ხელი…როგორც ვუყურებ, ინტერესი ქვეყნიდან წასვლის უფრო მეტად ღვივდება ახალგაზრდებში და ეს ცუდია. ჩემი აზრით უფრო მეტი ცვლილება და დაინტერესება უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო ამ საკითხის მოსაგვარებლად და ჩვენს წერილშიც არის ამ პრობლემაზე მითითებები და წინადადებები. ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში თავი უნდა იგრძნონ კარგად და არ უნდა ჰქონდეთ გაქცევის სურვილი.

სამშბლო არ არის მატერია, სამშობლო არ არის მხოლოდ მუზა, სამშობლო ის ხალხია, რომლებმაც აქამდე მოაღწიეს და რომ არა ეს, მაშინ რაღა ფასი ექნებოდა მიწას საერთოდ. ეს ისეთივე საკითხია, როგორც-რომ არა ქრისტე, გოლგოთის მნიშვნელობა რა იქნებოდა?!.

მაცოცხლებელი ძალა, ეს არის ერი, რომელიც წარმოადგენს კულტურას, დროში მოტანილ მუზეუმს…

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ხელოვანს არ ექცევა სათანადო ყურადღება, საქართველოს ბევრი დასაფასებელი ადამიანი ჰყავს, რომელიც უკიდურეს მდგომარეობაშია. დღეს ხელოვნების დარგები ძალიან მიჩუმათებულია, ტელევიზიების კუთხითაც, თუ გადახედავთ ნახავთ, რომ ამ კუთხით ნაკლებად კეთდება გადაცემები.

ყველა ადამიანმა ცვლილება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს, თვითშეგნება თუ არ ამაღლდა ადამიანში, ჩვენს ქვეყანას სხვა მხრივ ვერ ვუშველით. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს და პასუხი თავის თავში აღმოაჩინოს.

როგორია ჩემი სასურველი ქვეყანა? ისეთი, სადაც ნაკლები გაჭირვება და გაჭირვებული ადამიანი იქნება, სადაც მაღალი იქნება თვითშეგნება, დაფასებული იქნება მეცნიერება, განათლება, ქვეყანა, რომელიც აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა, სადაც იქნება სიმშვიდე და მშვიდობა! იქნება დასაქმება და არ იქნება შუღლი, აგრესია…

როგორ შეიძლება ხელოვნებაზე ფიქრობდეს ადამიანი და კუჭი მშიერი ჰქონდეს! ეს ფიზიკურად შეუძლებელია…ჩვენს სასურველ ქვეყნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ, საქმით და არა მხოლოდ სიტყვით…

-და მაინც, რა არის დღეს  ოთო ფალიანის მთავარი სათქმელი?

 სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ რთულია ორი სიტყვაში ამოწურო, მთავარი სათქმელი კი ამ ჩვენი საუბრის შემდეგ არის ის, რომ რაღაცეები შესაცვლელია და პრემიერის სურვილია, რომ ეს რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვალოს. მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მ წერილით ვინმეს კი არ ვაკრიტიკებთ, არამედ ჩვენი წერილის მთავარი და გულწრფელი აზრია მას გვერდით დაუდგეს მეცნიერებაც და ხელოვნებაც და ერთად შევცვალოთ ქვეყანა კარგისკენ.