კალაძემ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. კახა კალაძემ ბაღების კვების მენიუც წარადგინა და განაცხადა, რომ ზოგიერთ ადამიანს საზოგადოება შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში.

-მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომ თითქოს მერიამ შეამცირა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი კვების მენიუ, არული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დიდი ტყუილი!

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუთი გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველის, რძის პროდუქტების და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა.

ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები, ჩვენ კი ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები და დადგენილებები.