გერმანელთა ასოციაციის პრეზიდენტის ხედვები, მოგონებები, პროგნოზი…და აღმაშენებლის გამზირი…

დავით დოლიძე

ინტერვიუ საქართველოში გერმანელთა ასოციაციის პრეზიდენტთან გარი აუგუსტთან 

გარი აუგსტი წარმოშობით გერმანელია, თანაც ქართველი, რადგან საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.  მამამისი 1941 წელს გერმანელობის გამო დააპატიმრეს და შემდეგ აღარ უნახავს. ახლა გაიგო, თითქოს 1942 წელს გარდაცვლილა აზერბაიჯანში, თუმცა არ სჯერა და ფიქრობს, რომ სავარაუდოდ დახვრიტეს.

“გამოდის, რომ გერმანელობის გამო მთელი ბავშვობა დავკარგე”.

 1991 წელს საქართველოში გერმანელთა ასოციაცია დააარსა სახელწოდებით “აინუნგ” (“ერთობა”). ინტერვიუსი, რომელიც მე მასთან ჩავწერე გერმანული დიასპორის პრობლემებზე ისაუბრა, მათი აქ ცხოვრების ისტორია მომიყვა და კითხვაზე, იარსებებს თუ არა გერმანული დიაპორა 10 წლის შემდეგ, პასუხის გაცემა გაუჭირდა.

– ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების კომპენსაციების მიუღებლობაა. ეს კომპენსაციები, რა თქმა უნდა, მარტო გერმანულ დიასპორას არ ეხება და ბევრი ქართველიც იყო რეპრესირებული. თუმცა, გერმანელები ძალიან დავზარალდით, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში უმეტესობა ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს.

1997 წელს პარლამანტმა მიიღო კანონი “საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის შესახებ”. კანონით იმ დროისათვის საკმაოდ კარგი პენსია, 45 ლარი დაგვინიშნეს, მერე გარკვეული პერიოდი შეწყვიტეს თანხის მოცემა, ახლა ისევ აღადგინეს. მისი რაოდენობა 49 ლარია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა.

-ეს თანხა სახელწიფო პენსიას ემატება?

-არა, ვისაც საპენსიო ასაკი არ აქვს, ის იღებს. პენსიაზე რომ გახვალ, ერთ-ერთი უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა, სახელმწიფო პენსია გვირჩევნია.

მთავარი ისაა, რომ კანონი ერთჯერად კომპენსაციებსაც ითვალისწინებდა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მოგვცეს. ძმებმა კილაძეებმა, რომლებიც ასევე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან, საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიარეს კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით. ბოლოს სტრასბურგში შეიტანეს სარჩელი, რომელიც 2 თებერვალს დააკმაყოფილეს და სახელმწიფოს ყველა რეპრესირებულ ადამიანზე 4 000 ევროს ოდენობის თანხის გადახდა დააკისრეს. დადგენილების თანახმად, 3 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ამის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. ამის გაშუქება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მედია როგორ აშუქებს თქვენს პრობლემებს?

-საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა გადაცემა “იტალიური ეზო”. საინტერესო იყო. სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გერმანულ დიასპორას ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ალბათ იმიტომ, რომ უფრო ინტეგრირებულები ვართ ამ გარემოსთან. ამასთან, დიდი ხნის ფესვები გვაქვს საქართველოში.

-როდიდან ჩნდებიან გერმანელები ჩვენს ქვეყანაში?

-თავიდან ისინი რუსეთში ჩამოდიან. 1773 წელს ეკატერინე მეორის მანიფესტი ეხებოდა უცხოელებისათვის რუსეთის რესპუბლიკაში ცხოვრებას. რუსეთმა დიდი ტერიტორიები დაიპყრო, ბევრი დაუსახლებელი ადგილი ჰქონდა და ამის ათვისება უნდოდა. ისინი უცხოელებს ძალიან კარგ პირობებს სთავაზობდნენ.

საქართველოში კი მოგვიანებით ჩნდებიან. აქ გენერალ ერმოლოვის ინიციატივით ჩამოდიან უცხოელები. მათ 35 ჰექტარი მიწა მისცეს. ამასთანავე, ოჯახი უნდა ჰყოლოდა და მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეოვა ან მსგავსი რამ უნდა შესძლებოდა. მაშინ ბევრი გერმანელი ჩამოვიდა. ევროპაში არეულობები იყო, თან გერმანია, როგორც რესპუბლიკა, არ არსებობდა. აქ კი ძალიან კარგ პირობებს სთავაზობდნენ. რაც მთავარია, ისინი თავისუფლები იყვნენ და ბატონყმობა არ ვრცელდებოდა. მათ კოლონისტებს ეძახდნენ.

-რატომ გააკეთა ერმოლოვმა ასეთი რამ?

-რომ ევროპული კულტურა შემოეტანა, თუნდაც მევენახეობის. უნდოდათ სოფლის მეურნეობა განევითარებინათ. მაგალითად, იყო გერმანელი ლუდის მეწარმე, რომელიც ლუდს ხარშავდა და საკუთარი სასტუმრო ჰქონდა. გერმანელები დმანისში აკეთებდნენ ყველს, რომელიც ექსპორტზეც გაჰქონდათ.

-დაახლოებით რამდენი გერმანელი იყო საქართველოში?

-პირველ მსოფლიო ომამდე 14 ათასი და მეორე მსოფლიო ომამდე 40 ათასი, თუმცა ამ დროს ბევრი შერეული ქორწინება გვხვდებოდა.

-როგორც ვიცი, თბილისში გერმანელთა დასახლებები იყო?

-კუკიაზე იყო დასახლება ნოიტიფლის, დიდუბეში ალექსადრდოფ, ბოლნისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება კატარინენფელდი, მოგვიანებით კომუნისტებმა მას ლუქსემბურგი დაარქვეს, ასურეთი საერთოდ გერმანული სოფელი იყო, სართიჭალაში გვხვდებოდა სხვადასხვა დასახლებები. მოგვიანებით აფხაზეთშიც იყო რამდენიმე გერმანული სოფელი.

 -რატომ ჩამოდიოდნენ გერმანელები საქართველოში?

-გერმენელების საქართველოში წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი რელიგიური შუღლი იყო. კათოლიკეებსა და ლუთერანებს შორის დაპირისპირების შედეგად ლუთერანები გამოდევნეს და მათი ნაწილი აქ დასახლდა.

მეცხრამეტე საუკუნეს მეორე ნახევარში მართლა ძალიან ბევრი გერმანელი ჩამოდის, მათ შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. გერმანიაში რთული პირობები იყო და სამუშაო ადგილები არ ჰქონდათ. იმ დროს კი თბილისის შენება დაიწყო. განსაკუთრებით ბევრი არქიტექტორი ჩამოვიდა. ლეოპოლდ ბილფელდმა ლუთერანული ეკლესია ააშენა მარჯანიშვილის მოედანზე. ის ეკლესია 1943 წელს დაანგრევინეს გერმანელ ტყვეებს და იმ მასალისგან მარჯანიშვილის მოედანზე რომ ორი დიდი შენობაა, ის ააშენებინეს. მანვე ააგო ქაშუეთის ეკლესია.

აღმაშენებლის პროსპექტი თითქმის სულ გერმანელებმა ააშენეს, რადგან იქ გერმანელები ცხოვრობდნენ.

ბოტანიკოსებითვის იყო საინტერესო ეს ქვეყანა. ჰერმან აბიხი, გეოლოგი ალექსანდრ ჰუმბორტის მოწაფე იყო რამდენიმე. მან რამდენიმე წელის გაატარა თბილისში. აბიხმა შეისწავლა და გამოიკვლია საბადოები და კავკასიის სრულყოფილი გეოლოგიური და გეოგრაფიული რუკები შექმნა.

  -ხელოვან გერმანელებსაც იზიდავდა საქართველო…

-რა თქმა უნდა. აქ ლამაზი ბუნება და მრავალფეროვანი ხალხი ცხოვრობდა. მაგალითად, ტიგელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და სამოსების ნიმუშები შექმნა.

უნდა გავიხსენოთ “სიმენსის” წარმომადგებლობაც, რომლებმაც მთლიანად დაფარეს ქვეყანა სატელეგრაფო ხაზებით.

-საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამ რა შეცვალა გერმანული დიასპორის ცხოვრებაში?

-მეოცე საუკუნის 20-იან წლებში არეულობა რომ დაიწყო, ბევრი ადამიანი წავიდა აქედან, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მეორე მსოფლიო ომი იყო, რასაც მოჰყვა გერმანელების მასობრივი დეპორტაცია. საქართველოდან ყაზახეთში ასახლებდნენ ან იჭერდნენ მათ. მაშინ აქედან 24 ათასი ადამიანი გაასახლეს ოჯახებით.

ეს კარგად აქვს აღწერილი დიანა კესნერს წიგნში “სიცოცხლის გზები”, რომელიც თავად იყო ამ გადასახლების მსხვერპლი. წიგნში ჩანს, რომ ეს იყო ორ დიქტატორს შორის ბრძოლა, რომელსაც უბრალო ხალხი ეწირება. დიანას ოჯახი უკანონოდ დაბრუნდა გადასახლებიდან თბილისში, რის გამოც დაიჭირეს ყველანი… თუმცა მოგვიანებთ გამოუშვეს. ახლა ის კანადაში ცხოვრობს.

-გადასახლებიდან ბევრი ადამიანი დაბრუნდა?

-არა, ბევრი იქაურობას შეეჩვია და დარჩა. ბევრიც სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად.

-თქვენს ასოციაციაში დღეს რამდენი ადამიანია?

-ორიათას ხუთასამდე, მაგრამ ბევრი მოკვდა ან საზღვარგარეთ წავიდა. 1991 წელს დავაარსეთ. ჩვენი მიზანი უპირველეს ყოვლისა, ენის შესწავლაა. საბჭოთა კავშირის დროს ხალხს გერმანულად ლაპარაკი ეშინოდა და დაავიწყდათ. გვაქვს უფასო ენის კურსები. ვდგამთ სპექტაკლებს, ლუთერანულ ეკლესიასთან არსებობს ლუთერანული დიაკონური სამსახური, მოხუცებულთა თავშესაფარიცაა იქ და დღეში ერთხელ მათ ჭამასაც აფინანსებენ. გვინდა გერმანული ტრადიციებიც შემოვინახოთ და აქ მცხოვრები გერმანელები დავაახლოოთ. ძირითადად გერმანიის მთავრობა გვეხმარება.

-რა შემთხვევაში შეიძლება ასოციაციის წევრი გახდე?

-მინიმუმ ერთ-ერთი ბებია მაინც უნდა გყავდეს გერმანელი.

-თქვენ არასდროს მოგდომებიათ გერმანიაში დაბრუნება?

-მე აქ გავიზარდე და აქაურობას შეჩვეული ვარ, მეგობრებიც აქ მყავს. იქ რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი, თან ასაკიც აღარ მიწყობს ხელს. ჩემი შვილები სასწავლად წავიდნენ და დარჩნენ.

 -გული არ გწყდებათ ამის გამო?

-აქ რომ ჩამოვიდნენ, რა ქნან? თან აქაურები გარბიან და იმათ ვუთხრა ჩამოდით მეთქი?! ხალხს ლუკმაპურის შოვნა უჭირს.

-სახელმწიფოს პოლიტიკა როგორია ეროვნული უმცირესობების მიზეზით?

-სახალხო დამცველთან ტოლერანტობის საბჭოა შექმნილი. ჩვენს უფლებებს იცავს, სხვა დახმარება არ გვაქვს.

-ყველა უცხოელი საქართველოში იწყებს და ანვითარებს ბიზნესს, რას ფიქრობთ, ქართველები რატომ გადიან ქვეყნის გარეთ სამუშაოდ?

-ალბათ იმიტომ, რომ ჰგონიათ სხვაგან უკეთესი გარემოა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. ფიქრობენ, რომ სამუშაო ადგილები საზღვარგარეთ უფრო მეტია, ვიდრე აქ. საქართველოში რთულია შექმნა წარმატებული ბიზნესი ან დასაქმდე კარგად ანაზღაურებად ადგილას. ისინი მათთვის მარტივ გზას ირჩევენ და ქვეყნიდან მიდიან.

-როგორ ფიქრობთ, ათი წლის შემდეგ საქართველოში კვლავ იქნება გერმანული დიასპორა?

-ძნელია თქმა, ახალგაზრდებიც არიან ჩვენთან და ალბათ შეინარჩუნებენ. თუმცა, ითქვიფებიან უკვე ქართველებთან, ბევრი შერეული ქორწილებია, თან ცდილობენ საზღვარგარეთ წავიდნენ. საერთოდ, საბოლოოდ პატარა დიასპორების ხვედრი მისი გაქრობაა.