წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი-შენიშვნები და რეკომენდაციები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: ა) წინა საარჩევნო რეკლამა; ბ) წინა საარჩევნო დებატები; გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

წინასაარჩევნო პროცესის პირველი შუალედური ანგარიში 2016 წლის 8 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამა „პოლიტიკური ღამე“, რომლის წამყვანი ბ-ნ ვალერი კვარაცხელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის „კვარაცხელია–სოციალისტების“ თავმჯდომარეს წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობა დაუშვებელია.

ეროვნულ მაუწყებლებს „რუსთავი 2“–ს და „ტაბულას“ საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ და კომისიაში არ წარმოდგენიათ ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და ამ საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ. კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“–ის და „ტვ პირველის“ ეთერში განთავსდა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შესაბამისი სურდოთარგმანის გარეშე;

კომისიის რეკომენდაციები:

_ „ტაბულას“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „მძიმე კაცთან“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ პოლიტიკური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლები.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა დაიცვან „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამებში, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

– საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

მედიათავისუფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია არც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც სასამართლოს, ამგვარი პრეროგატივა მხოლოდ თავად მაუწყებლის მიერ შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს აქვს მინიჭებული. კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლებს თავისუფლებასთან ერთად საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, მოუწოდებს მათ, ისევე როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები, არ დაუშვან სიძულვილის ენის წახალისება, მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს (განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში) იხელმძღვანელონ სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

– გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა ეთერშიც განთავსებული არ ყოფილა საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს უზრუნველყონ თავიანთ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსება.

კომენტარის დატოვება