ლევან იზორია კონსტიტუციის ახალ რედაქციას აფასებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კონსტიტუციის ახალ რედაქციას აფასებს

-მივესალმებით კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსებას, პარლამენტის როლის ამაღლებასა და ევროპული საპარლამენტო მმართველობის მოდელის დამკვიდრებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში.

ახალი კონსტიტუცია არის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით მიღებული დოკუმენტი, რომელმაც ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ ახლებურად მოაწესრიგა ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო – თავდაცვა.

ახალმა რედაქციამ ძირეულად შეცვალა და გააუმჯობესა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების მექანიზმები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებზე.