რუსეთში პუტინის გადადგომას მოითხოვენ

რუსეთის დედაქალაქში, პუშკინის მოედანზე მოსკოვის მთავრობასთან შეუთანხმებელი სტიქიური ანტისამთავრობო მიტინგი სოციალური ქსელების გამოყენებით შეიკრიბა, სადაც კემეროვოში მომხდარი ხანძრის მსხვერპლთ პატივს მიაგებენ.

სოციალურ ქსელებში მიტინგი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიგეგმა, თუმცა ასობით ადამიანი დათქმულ დოზე ადრე შეიკრიბა.

მოგვიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

რადიო „ეხო მოსკვის“ ცნობით, მოგვიანებით მიტინგის ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. აქციას კი ასეულობით ადამიანი შეუერთდა. მიტინგის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ, რადიოსადგურის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიტიკური ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს: „პუტინი გადადგეს!“.

მანამდე მრავალათასიანი საპროტესტო არასანქცირებული მიტინგები, 25 მარტს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის იდუმალებით მოცული ისტორიის განმარტების მოთხოვნით, რომელსაც 64 ადამიანი, მათგან 41 ბავშვი ემსხვერპლა, კემეროვოში გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრისა და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.

ბოლო მონაცემებით, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაკარგულად 85 ადამიანი მიიჩნევა.

28 მარტი რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.