ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს. ქართველი დიდოსტატის კანდიდატურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის სხდომაზე წარადგინა.

ესკ-ის ბორდის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ევროპის ქვეყნების საჭადრაკო ფედერაციების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი შემოდგომით, ოლიმპიადის დღეებში უმასპინძლებს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ესკ-ის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს აირჩიეს. აზმაიფარაშვილმა პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო და თავისი გუნდი წარადგინა, მათ შორი ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა, რომელიც ლატვიის ფინანსთა მინისტრიც გახლავთ.

ზურაბ აზმაიფარაშვილი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი):“ ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“! დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ჭადრაკის განვითარებისთვის და მჯერა, ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. რაც შეეხება გეგმებს, თქვენ გაეცანით ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ წარმატებით. დარწმუნებული ვარ ევროპის დიდი საჭადრაკო ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში წინ უკეთესი წლები გვექნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. ამის საუკეთესო მაგალითია დიდოსტატი, უმშვენიერესი ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა, რომელიც ლატვიის ფინანსთა მინისტრიც გახლავთ. ჩემი ხედვით, ის ნამდვილი ლიდერია და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი უმასპინძლებს, ქალაქი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ვიზეიმე და ადგილი, რომელსაც უმშვენიერესი მოგონებები უკავშირდება“.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე):“ ზურაბ აზმაიფარაშვილი წარმატებული სპორტსმენი გახლდათ, შესანიშნავი მენეჯერია და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით ემსახურება ჭადრაკს. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მან და მისმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, ევროპის საჭადრაკო კავშირი პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში მხოლოდ მოიგებს. ბატონი ზურაბის მოღვაწეობა ესკ-ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნამდვილად მაძლევს ამ სიტყვების თქმის საფუძველს“.