ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ…

გეშინიათ?  დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო 🙂

პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა. შოტლანდიაში კი იგივე დროს, მსგავს ტრადიციას გუგულებზე ნადირობას უწოდებდნენ, მახეში გაბმულებს კი – აპრილის გუგულებს.

სულელების დღის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშნები ჯეფრი ჩოსერის მოთხრობა “მონაზვნის მღვდლის ამბავშია” ნაპოვნი, სადაც ნახსენებია ორი გაბითურებული, რომლებიც “მარტის დადგომიდან ოცდაათი და კიდევ ორი დღის შემდეგ” გააბეს მახეში.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ სულელების დღეს გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული. საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად დააკანონა. ჩარლზ IX-მ ეს ბრძანება ჯერ კიდევ 1564 წელს გასცა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამოდენიმე წლით ადრე. ასერომ, ახალი წელიწადის დადგომის აღნიშვნა და საჩუქრების მომზადება უკვე პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე აპრილის დასაწყისთან ასოცირდებოდა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც არ მოწონდათ ცვლილება და არ ეგუებოდნენ ახალი წლის თარიღის გადატანას. ამიტომ, დანარჩენი მოსახლეობა ამ ადამიანებს პირველ აპრილს “ყალბ” საჩუქრებსა და სხვა გასაშაყირებელ ნივთებს უგზავნიდა.

საფრანგეთში, თავის მხრივ, გაშაყირებულ ადამიანს poisson d’avril-ს უწოდებენ, რაც “აპრილის თევზს” ნიშნავს. ეს სახელი ალბათ იმით აიხსნება, რომ მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ნაცნობ-მეგობრებს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეს კი ნამდვილი თევზი ქაღალდისგან გამოჭრილმა თევზის ფორმებმა შეცვალა, რომლებსაც ბავშვები მეგობრებს ჩუმად ზურგზე აკრავენ ხოლმე.

სხვათაშორის, ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირველ აპრილს მომხდარ რეალურ სიახლეებს ხალხი არ იჯერებს. მართლაც და, არცაა გასაკვირი – ამ დღეს მასმედიას ნაკლებად დაეჯერება. თუმცა უბედურებამ პირველი აპრილი არ იცის – ამ დღეს ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც მომხდარა.
1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და არ დაემორჩილნენ.
2005 წელს კომიკოს მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალება ასევე ხუმრობად ჩათვალეს.

თუმცა გარდა ტრაგიკული სიახლეებისა, ამ დღეს სხვა ცნობებიც ვრცელდებოდა, რომლებიც ასევე არავის ეჯერა.
მაგალითად, 2004 წელს ჩაშვებული Gmail-ის სერვისი თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა როგორც ვხედავთ – სიმართლე აღმოჩნდა  ასევე არ ეჯერათ 2003 წელს გამოცხადებული ორი დიდი კომპანიის – Square-ისა და Enix-ის გაერთიანებაც.

მოკლედ, დიდი დღეა დღეს  მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ
და მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვიტყუოთ – შევეცადოთ, ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ,
მაგრამ ბოლომდე მაინც ნუ დავხარჯავთ, ცოტა გამოვიზოგოთ – ხანდახან ხომ ტყუილი სიმართლეზე ბევრად უფრო მეტადაა საჭირო…

წყარო: urakparaki.com