სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა ნიდერლანდებშია, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდთან ერთად ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებს აძლევს. ამის შესახებ On.ge წერს.

“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, ეს არის ძალიან ადვილი. მე ამას ვამბობ ადამიანი, ვინც პენსია გაზარდა 11-ჯერ საქართველოში და ბევრად მეტად გავზრდიდი, რომ დამცლოდა. ასევე, პოლიციელები, რომლებიც არიან ყველაზე ცუდ დღეში. კრიმინალმა იმატა, მათ უფროსობა უქმნის პრობლემებს, აძლევს უკანონო დავალებებს. მინიმალური ხელფასი პოლიციელის ეგრევე გახდება 2 000 ლარი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო იცლება. რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება ხელფასების მატებით და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდით”.

მიხეილ სააკაშვილის ამბობს, რომ პირადად შეასრულებს იმ პროგრამას, რასაც ხალხს პირდება: “ახლა ისინი შემდგომ საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მე არც ვიფიქრო ჩასვლა საქართველოში. ვერ მოესწრებით! მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს”, – ამბობს სააკაშვილი.

31 მარტს, სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია News One-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.