ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს.

6-დან 16 წლის ასაკის ბავშვები, ერთმანეთს ექვს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, რის შემდეგაც „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე ბავშვებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიგელები, ბრენდირებული მაისურები, კეპები და სხვადასხვა საჩუქრები გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით სამხედროების შვილებზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიება „მხიარული სტარტები“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG) ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამის მიზანია საერთაშორისო მისიებში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა კრიზისულ სიტუაციებში და მათთვის სხვადასხვა უნარების განვითარებაზე ზრუნვა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 23 თებერვლიდან ამოქმედდა.