“მძიმედ ჩავიკითხე კოვეს პასუხი! თქვენ მოიგეთ ომი ადამიანებთან, მაგრამ წააგეთ ომი ადამიანობასთან…”

პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას – „ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,  დგამს ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“

იხ. ლინკზე

https://www.gmtv.ge/38038-2/

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხმაურება და აცხადებს:

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს.

ვრცლდ იხ.

https://www.gmtv.ge/38073-2/

კოვეს აფხაზეთიდან დევნილი, პროფესორი სალომე კაპანაძე ეხმიანება.

-ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვესგან  მოვისმინეთ, ყველაზე ადვილია.  ძნელია ამის შემდეგაც კვლავ იმ პოზიციაზე დარჩენა, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრისგან გაჟღერდა.

მძიმედ ჩავიკითხე დაურ კოვეს სახელდახელო შეხმიანება, მაგრამ სიძულვილზე სიძულვილით ვერ ვუპასუხებ და დარწმუნებული ვარ,  უმცირესობაში არ აღმოვჩნდები.  მხოლოდ შევახსენებ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ის ჩვენი საერთო სამშობლოა. მისი სიძულვილი კი მხოლოდ აფართოვებს იმ ჯოჯოხეთს, რომელსაც დამოუკიდებლობის ხიბლში ჩავარდნილი აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა ვერ გრძნობს, მაგრამ კარგად გრძნობენ იქ დარჩენილი ადამიანები, რომელთაც ენგურს გამოღმიდან გამოტანებული სიყვარული დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად  აუხელს თვალს იმ პროვოკაციაზე, რომელშიც ჩვენ ერთად აღმოვჩნდით. ჩვენ შურს ვიძიებთ თქვენზე სიყვარულით.

თქვენ მოიგეთ ომი ადამიანებთან, მაგრამ წააგეთ ომი ადამიანობასთან და გამძიმებთ ცოდვა წარსულიდან გამოდევნილი ადამიანების. ცდომილებისკენ ათას გზას მიყევხართ, ჭეშმარიტებისკენ კი მხოლოდ ერთს და  ამ გზას ჩვენ მაინც ერთად გავივლით.