კობახიძე-ფოფხაძე – დაპირისპირება გრძელდება!..

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თავის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც შეაფასა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი, როდესაც საქმე ეხებოდა კვოტის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის დამტკიცებას.

„ეს იყო მძიმე შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეაგირება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განცხადებების გაკეთების დროს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა შეცდომები დაუშვა.

,არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, თუმცა მარტივად გადაჭრადი პრობლემაა. ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებას უკვე უპასუხა ფოფხაძემ და განაცხადა:

-“ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ. ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა. სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ“.