“საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ოპოზიცია უნდა წარსდგეს ერთიანი უპარტიო კანდიდატით “

 

-“საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ოპოზიცია უნდა წარსდგეს დიდი ერთობით და ერთიანი უპარტიო კანდიდატით თუ არ გვინდა, რომ საპრეზიდენო არჩევნები დაემსგავსოს ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობაა პრესტიჟული და არა გამარჯვება, ოპოზიცია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა წარდგეს ერთიანი კანდიდატით. ოპოზიციის კანდიდატს მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს სახელისუფლებო კანდიდატს”-ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე და ოპოზიციის საერთო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყოს. თუმცა, ნაჭყებიას თქმით, ჯერ პრეზიდენტი საბოლოოდ არაა ჩამოყალიბებული, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

“თუ კი ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ერთიანი კანდიდატით გავიდეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება. მას აქვს ბევრი პლიუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში. პირველ რიგში, ის არაპარტიული კანდიდატია, რაც ოპოზიციის ერთ კანდიდატზე შეთანხმების საშუალებას იძლევა. პარტიულ კანდიდატზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდება. მეორე, მან მოახერხა, დაეცვა დემოკრატიული პრინციპები და საპრეზიდენტო შტო შეენარჩუნებინა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს სახით. იმ სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ხელისუფლების ყველა დანარჩენი შტო ერთი პარტიის ხელშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ პრეზიდენტი არაა ჩამოყალიბებული, საერთოდ აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ის ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ კიდევ აღვნიშნავ, რომ ესაა ერთ-ერთი და არა ერთადერთი სავარაუდო კანდიდატი. რაც შეეხება სხვა რესურსს, სადაც შეიძლება მოიძებნოს კანდიდატი, ესაა არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა”,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
“ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, უნდა იყოს აუცილებლად არაპარტიული, ის არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, მეორე, მას უნდა შეეძლოს თავისი პრინციპების დაცვა, მესამე, აუცილებელია ჰქონდეს პოლიტიკური ცოდნა, ,- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.