ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური უკვე რეგიონებს მოიცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გაეცნო.

ჰაერის ხარისხის მობილური სადგურის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური “ევროპის მოედანზე“ ტურისტულ ზონაში განთავსდა და 24 საათის განმავლობაში განახორციელებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგს.

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სტაციონალური სადგურები უკვე დამონტაჟდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგურის დამონტაჟება იგეგმება ქალაქ რუსთავში.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური უკვე რეგიონებს მოიცავს. შემდეგი ლოკაციები იქნება თელავი და გორი.