ერევანში მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერევანში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა. იქ ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციაზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანიც არის.

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა დაადასტურა, რომ გაუქმდა მისი და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.

ფაშინიანი ითხოვს, რომ კარაპეტიანი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. მისი მოთხოვნაა ასევე დროებითი მთავრობის დანიშვნა, რომელსაც “ხალხის კანდიდატი” უხელმძღვანელებს.

კარაპეტიანმა გაავრცელა მოქალაქეებისადმი მიმართვა, რომელშიც მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად დაასახელა ფაშინიანის ახალი, ცალმხრივი მოთხოვნები შეხვედრის ფორმატის, დღის წესრიგის და გაშუქების შესახებ.

11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს, ამასთან სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნას ხელი მოაწერა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დამტკიცებას აპროტესტებდნენ.