დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მზადაა იყოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა და აღნიშნა, „ის ყალიბდება იქითკენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.

„დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რომ მივიხედ-მოვიხედოთ და ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად, სპექტრში – ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები, პლატფორმები 2-3 შესაძლო კანდიდატის, ალბათ აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში დასახელებული იყო საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნებში მან 66.09%-ით გაიმარჯვა.21 ოქტომბერს ახლადშეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია. მოგვიანებით, მან ქართული ოცნება და რესპუბლიკური პარტიაც დატოვა.

2016 წელს დავით უსუფაშვილმა “შენების მოძრაობა” დააარსა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.