“კანონი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” ფრიად სარისკოა…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

იმისათვის, რომ ღმერთი განვიცადოთ, გვჭირდება ზენაზე კონცენტრირებული რაციო, ანუ გონებრივი ჭვრეტა, გააზრება, წვდომა და შემეცნება, რომლებიც სულის თვისებებია.

გრძნობები, განწყობები და ემოციები მხოლოდ ფსიქო-სომატური იმპულსები და ინსტინქტებია და ისინი სამშვინველისა თუ სხეულის ბიო-ანატომიურ ნაწილში შედის.

საგულისხმოა, რომ ასკეტიკა ლოცვის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხიბლისმიერ აღტკინებებსა თუ მგრძნობელობით ექსტაზსს, რადგან იგია მთავარი დამაბრკოლებელი უფლის შვილობრივად დანახვის გზაზე.

გულიგონიერი – ეს იგივე გაცნობიერებული რწმენაა, რომელიც ღმერთივით ტრანსცენდენტური და არახელშესახებია. ანუ წმინდა მისტიკური, მეტაფიზიკური თუ სარწმუნოებრივი გაგებით არ არსებობს არავითარი “რელიგიური გრძნობა”, არამედ არსებობს რელიგიური ცნობიერება, რომელიც შინაგან, დაფარულ და პრივატულ სივრცეში მყოფობს, ისევე როგორც ისიხაზმის შრეებში არსებული უმეტყველო ლოცვა.

ღმერთი თავისთავადი, თვითკმარი და შეუგინებელი ზეარსია, შეუძლებელია იგი სხვისაგან (პროვოცირებითა თუ მკრეხელობით) რაიმე ფორმით დაკნინდეს ჩემში, თუკი მე არჩევანში თავისუფალი ვარ და თუკი ჩემს მისდამი სიყვარულს – მისივე მცნებების აღსრულება უდევს საფუძვლად.

ამასთან, ღმერთი არ არის არავის კერძო საკუთრება ან პირადი ოჯახის წევრი (მოქალაქე), რომ ვინმესგან მისი შეურაცხყოფისათვის “მორალური ზიანის” გამო კომპენსაცია (ფულადი ჯარიმა) მოვითხოვოთ.

ზოგადად კი ღმერთის ეგიდით ვინმეს დასჯა პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქრისტეს იდეასთან, მით უფრო მაშინ, როცა თეოლოგიური რაკურსით თუ ვიმსჯელებთ, ცოდვა – ეს არის არა ღვთის წინაშე ქმნილი დანაშაული, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩადენილი გამრუდებული აქტი, რომელიც თავისთავად გვაშორებს ღმერთს.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კანონი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” ფრიად სარისკო და მრავალი ინტერპრეტაციისა თუ ქაოტური სასამართლო დავების გამომწვევი შესაძლოა აღმოჩნდეს და ისინი ვინც მუდმივად ინსპირირებენ სხვათა წამოკიდებას, სავარაუდოდ კიდევ უფრო მოტივირებულნი გახდებიან. როგორც ლაო ძი ამბობდა: “რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია ამბოხი”, ამიტომ რისკფაქტორების არგათვალისწინებამ, შესაძლოა უკურეაქცია მოგვცეს.

ჩემი აზრით, სიტყვიერი მკრეხელობა – უკულტურობა და უზნეობაა და არა სისხლისა თუ სამოქალაქო კოდექსის კვალიფიკაციის დანაშაული

ვინც არ მეთანხმებით ყველას გულწრფელ შენდობას გთხოვთ, უბრალოდ მე ჩემი სუბიექტური ანალიზი შემოგთავაზეთ მოკრძალებულად და ლაკონურად.