“ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა იოლი არ არის, მაგრამ…”

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, საინტერესოა რას ფიქრობენ მისი ძველი თანაგუნდელები.

ჩვენ ნუკრი ქანთარიას დავუკავშირდით.

_ ბატონო ნუკრი, მართალია, ბიძინა ივანიშვილი პარტიაში ოფიციალურად გუშინ დაბრუნდა,  მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნების „ძველ“ და „ახალ“  სახეებს მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში თანადგომას თანაბრად დაპირდა. იმასაც ამბობენ, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ახალ გუნდს ქმნის. პირადად თქვენ როგორ უყურებთ ივანიშვილის პარტიის ლიდერად დაბრუნებას?

_ ბიძინა ივანიშვილი იყო ლიდერი და ყოველთვის რჩებოდა პარტიის ლიდერად მიუხედავად იმისა, რომ აქტიური პოლიტიკური ზონიდან გავიდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ის უპირობო ლიდერი გახდათ. ამდენად, მისი პარტიის თავმჯდომარედ დარუნება, ვფქრობ, ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესს ჩაუყრის სათავეს. ალბათ ბატონმა ბიძინამ დაინახა თავისი პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა და პერსპექტივაში – გარკვეული საფრთხეები. ამდენად, მისთვის არცთუ ადვილი გადაწყვეტილება მიიღო დაბრუნებაზე. მან კარგად იცის, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა იოლი არ არის, მაგრამ ქვეყნისთვის დადებითი პროცესების განვითარებისთვის და გუნდის გაჯანსაღებისთვის, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო. ჩვენ ამაზე საუბარი ადრეც გვქონდა და მის ამ გადაწყვეტილებას, მივესალმები. ეს ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ერთგვარად, უმრავლესობაში შექმნილმა დაპირისპირებამ და განსხვავებულმა აზრებმაც მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ვფიქრონ, პარტია „ქართული ოცნებისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც ახალი ეტაპი იწყება. პარტია გააგრძელებს იმის კეთებას, რისთვისაც შეიქმნა. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ფლირტზე და შერწყმაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. ვფიქრობ, ვინც ჩვენს პარტიას სხვადასხვა მიზეზის გამო განუდგა, თანდათან მათი კონსოლიდაციაც მოხდება.

_ პრემიერის განცხადების შემდეგ 2012 წლის „ოცნების“ წევრები სტატუსები ვნახე, ოცნებას ვეღარავინ შეეხებაო, გახარებულები არიან. რას ფიქრობთ?

_  პრემიერმა კვირიკაშვილმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა თავისი როგორც პიროვნული ხიბლით, ასევე პროფესიონალიზმით. ვფიქრობ, ის კვლავ გააგრძელებს მუშაობას. გიორგი კვირიკაშვილმა თავის განცხადებაშიც აღნიშნა, რომ მისი როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის გაცილებით დიდი. პოლიტსაბჭოს, პარტიას მეტი ფუნქცია სჭირდებოდა, რომელიც დაკარგული ჰქონდა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ პრემიერის ის დადებითი წვლილიც, რაც აქამდე პროცესებში მიმდინარებოდა.

_ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი, „ოცნებაში“ მართლა ასე ცუდად იყოს აქმე? მმართველი გუნდი დაშლის პირას იყო და ივანიშვილის დაბრუნების მერე დალაგდება?

_ პარტიის დაშლის საფრთხე ნამდვილად არ ყოფილა. პრობლემები იყო და ეს არ იყო დამალული,  ეს ჩვენ თვალწინ  იყო. მან პერსპექტივაში დანაიახა საფრთხეები მომავლისთვის, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მისთვის არასასიამოვნო, რთული, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელი. რადგან ამხელა პოლიტიკური რესურსის, ავტორიტეტის მქონე პიროვნება, არ შიძლება ყოფილიყო გამოუყენებელი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. მან მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.

_ ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ „წითელი“ ვის აენთება?

_ წითელ-ყვითელზე საუბარი, არასწორად მიმაჩნია. პროცესები აჩვენებს ყველაფერს. ვფიქრობ, ვინც ამ გაჯანსაღებას ხელს შეუშლის, ის სამართლიანად ჩამოცილდება საქმეს.

_თუ არის თქვენთვის ცნობილი, ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?

_ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას უახლოეს ხანში გავიგებთ.

_ თქვენ ხართ ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდით. ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ ისევ იტყვით თუ არა ხმამაღლა თქვენს სათქმელს?

_ რადგან ჭეშმარიტი ლიდერი უკვე გამოჩნდა და საქმეს, პარტიას სათავეში ჩაუდგა, ბუნებრივია, უკვე მასთან მექნება საქმე. ერთად გადავწყვეტთ პარტიის მომავალ თავმჯდომარესთან ერთად, რა უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ვფიქრობ, პარტიის მუშაობა უფრო ქმედითი გახდება, პარტიის თავმჯდომარესთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება და პრობლემების გარეთ გამოტანის აუცილებლობა არ იქნება. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ მე, პირადად, საჯაროდ მწვავე განცხადებებს მხოლოდ მაშინ ვაკეთებდი, როცა შიგნით უკვე რესურსი პრობლემის გადაჭრისა, ამოწურული იყო. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ  მოსვლის შემდეგ ამის აუცილებლობა არ უნდა დადგეს.