თავდაცვის სამინისტროს პასუხი არჩილ გულაშვილის საქმეზე

როგორც მასალის – 20 წლის სტაჟის მქონე სამხედროს საჯარო მიმართვა მინისტრს და პრემიერს – გავრცელებისას აღვნიშნეთ, კომენტარისთვის მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს. სამსახურიდან გათავისუფლებული ჯარისკაცის, არჩილ გულაშვილის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

-2018 წლის 6 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულის რადიოკავშირების ათეულის II რადიოკავშირების მანქანის ეკიპაჟის რადიოოპერატორი (საშტატო კატეგორია “კაპრალ-სპეციალისტი”; შტატი №8/1146-01), უმცროსი სერჟანტი არჩილ უშანგის ძე გულაშვილი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ალკოტესტით შემოწმებული იქნა სიმთვრალე სიფხიზლეზე, შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა სიმთვრალე, კერძოდ ალკოჰოლური თრობის ხარისხმა შეადგინა 0,814 პრომილე.

შეიარაღებულ ძალებში დისციპლინური პასუხისმგებლობა დგება თუ სამხედრო მოსამსახურის ალკოჰოლური თრობის ხარისხი შეადგენს ან აღემატება 0,5 პრომილეს. აღნიშნულიდან გამომდინარე უმცროს სერჟანტ არჩილ გულაშვილის მიმართ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება და შედგა შესაბამისი დისციპლინური ოქმი. არჩილ გულაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს მხოლოდ „სამსახურიდან დათხოვნას“ (სხვა დისციპლინური სასჯელი წესდების მიხედვით სიმთვრალისთვის საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გათვალისწინებული არ არის).

არჩილ გულაშვილის დისციპლინური საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა სადისციპლინო საბჭოს, რომელიც შექმნილია თავდაცვის მინისტრის ბრძანებით და იხილავს დისციპლინური გადაცდომის გამო სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საკითხს. იგი შედგება 4 წევრისაგან (რომელთაგან ორი წევრი ინიშნება შეიარაღებული ძალებიდან ხოლო ორი სამინისტროს სამოქალაქო ოფისიდან) და გასცემს რეკომენდაციებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

დისციპლინური საქმის მასალების განხილვის შემდეგ სადისიპლინო საბჭოს შემადგენლობამ ერთხმად დაუჭირა მხარი არჩილ გულაშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საკითხს (რაიმე სამსჯელო საკითხი კომისიის წინაშე არ იდგა, დაფიქსირებული იყო სიმთვრალე, შედგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტი და თავად სამხედრო მოსამსახურე სადაოდ არ ხდიდა სიმთვრალის ფაქტს, ასევე მას არ ჩაუტარებია ალტერნატიული ექსპერტიზა სიმთვრალის დასადგენად და რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია).

სადისციპლინო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის N2019 ბრძანებით არჩილ გულაშვილი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

შეგახსენებთ არჩილ გულაშვილის მიმართვას: